შინაარსზე გადასვლა

მონაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონაკოს სამთავრო
Principauté de Monaco
მონაკო
მონაკოს
გერბი
დევიზი: Deo Juvante (ლათ.)
ჰიმნი: Hymne Monegasque
მონაკოს მდებარეობა
დედაქალაქიმონაკო[1][2]
უდიდესი ქალაქი მონტე-კარლო
ოფიციალური ენა ფრანგული[3]
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მონაკოს თავადი ალბერტ II
 -  სახელმწიფო მინისტრი სერჟ ტელე
ფართობი
 -  სულ 1,98 კმ2 (234-ე)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო[4]
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 37 800[5] (217-ე)
 -  2000 აღწერა 32 020 
 -  სიმჭიდროვე 15,142 კაცი/კმ2 (პირველი)
მშპ (მუპ) 2010 შეფასებით
 -  სულ $3.000 მილიარდი[6] (156-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $78 700[6] (9-ე)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი MCO
Internet TLD .mc
სატელეფონო კოდი 377

მონაკო (ფრანგ. Monaco; იტალ. Monaco; ოქსიტ. Mónegue), ოფიციალურად მონაკოს სამთავრო (ფრანგ. Principauté de Monaco; იტალ. Principato di Monaco; ოქსიტ. Principat de Mónegue) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო და ჯუჯა ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთის რივიერაზე. ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან საფრანგეთი, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა ესაზღვრება. ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 38,682-ია.[7] ოფიციალური ენაა ფრანგული, ასევ ფართოდ გამოიყენება ინგლისური და იტალიური ენები და მონეგასკური დიალექტი. მონაკო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ადგილად ითვლება.

ქვეყნის ფართობი 2.1 კმ²-ია, რითაც მსოფლიოში ტერიტორიის სიმცირის მიხედვით ვატიკანის შემდეგ მეორე სუვერენული სახელმწიფოა. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 19,009 მცხოვრებია, რითაც მონაკო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი 5.47 კილომეტრია,[8] ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე, რომელიც ყველაზე მოკლეა მსოფლიოში, 3.83 კილომეტრს უდრის. მონაკო იტალიის საზღვრიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული.[9] ქვეყნის ყველაზე პოპულარული კვარტალია მონტე-კარლო.

მონაკოს სამთავროს მმართველობის ფორმაა კონსტიტუციური მონარქია, რომლის სათავეში პრინცი ალბერ II დგას. იგი დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს. მონაკოს სუვერენიტეტი ოფიციალურად 1861 წლის ფრანგულ-მონეგასკური შეთანხმების შედეგად აღიარეს. ქვეყანა 1993 წელს გაეროს წევრი გახდა. მონაკოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მიუხედავად, მის დაცვაზე საფრანგეთია პასუხისმგებელი. ქვეყანას ორი მცირე სამხედრო გაერთიანება ჰყავს.

მონაკოს ეკონომიკური განვითარების პროცესი XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, როცა ქვეყანაში პირველი კაზინო, მონტე-კარლო და პარიზთან დამაკავშირებელი რკინიგზა გაიხსნა.[10] იმ დროიდან მოყოლებული, ზომიერი ჰავა, გარემო და აზარტული დაწესებულებების სიმრავლე ქვეყანაში უამრავს ტურისტს იზიდავს. მონაკო შეძლებულ ადამიანთა რეკრეაციული ცენტრია. ბოლო წლებში, ქვეყანა ფინანსური ცენტრი გახდა და ეკონომიკის დივერსიფიკაციას სერვისის სექტორსა და ინდუსტრიულ სფეროში ცდილობდა. მონაკოში არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, ხოლო ბიზნესის გადასახადი საკმაოდ მცირეა, რის გამოც ქვეყანა ცნობილია, როგორც საგადასახადო თავშესაფარი. 2014 წლის მონაცემებით, მონაკოს მცხოვრებთა 30%-ს მილიონერები შეადგენდნენ.[11]

მონაკო არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებში, როგორიცაა საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი. საფრანგეთთან მჭიდრო ურთიერთობის გამო ქვეყნის სავალუტო ერთეულია ევრო. 2004 წელს მონაკო ევროსაბჭოს შეუერთდა, ხოლო 1970 წლიდან ფრანკოფონიის წევრი ქვეყანაა. მონაკოს ჰყავს საფეხბურთო კლუბი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა.

მონაკოს მერი აბსოლუტური მონარქიის დასრულებას აცხადებს, 1910 წელი

სანამ 1910 წლის მონეგასკური რევოლუციის შედეგად 1911 წელს კონსტიტუციას მიიღებდნენ, მონაკოს პრინცი ქვეყნის აბსოლუტური მმართველი იყო.[12] ახალმა კონსტიტუციამ გრიმალდების დინასტიის ძალაუფლება და ავტორიტატული რეჟიმი მცირედით შეამცირა, თუმცა ამ უკანასკნელის ლეგიტიმაცია მალევე, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში შეჩერდა.

1918 წლის ივლისში მონაკოსა და საფრანგეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი პასუხისმგებლობას იღებდა მონაკოს დაცვაზე. ეს შეთანხმება 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულებით დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც მონაკოს საერთაშორისო პოლიტიკა საფრანგეთის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ინტერესებთან უნდა ყოფილიყო თანხვედრაში.[13]

გრეის კელისა და რაინერ III-ის ქორწინება

1942 წელს მონაკოში შეიჭრა იტალია და მისი ოკუპაცია მოახდინა, რის შემდეგაც ქვეყანაში ფაშისტური მმართველობა დამყარდა.[14] 1943 წელს მუსოლინის დაცემის შემდეგ მონაკოს ოკუპაცია ვერმახტმა მოახდინა, რის შემდეგაც ქვეყანაში ებრაელთა დეპორტაცია დაიწყო. რენე ბლუმი, გამოჩენილი ფრანგი ებრაელი, რომელმაც მონტე-კარლოს საბალეტო თეატრი დააარსა, პარიზში, საკუთარ სახლში დააპატიმრეს, რის შემდეგაც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით მოკლეს.[15] ბლუმის კოლეგა რაულ განსბურგი, მონტე-კარლოს ოპერის ხელმძღვანელი, ნაცისტების მიერ დაპატიმრებას შვეიცარიაში გაქცევით გადაურჩა, რაშიც მას ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობა დაეხმარა.[16] 1944 წლის აგვისტოში გერმანელებმა სიკვდილით დასაჯეს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერები – რენე ბორგინი, ჯოზეფ-ჰენრი ლაჟუ და ესტერ პოგიო.

1949 პრინც ლუი II-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე რაინერ III ავიდა, რომელიც 2005 წლამდე მეფობდა. მან 1956 წლის 19 აპრილს ცოლად შეირთო ცნობილი ამერიკელი მსახიობი გრეის კელი. წყვილის ქორწინებამ მსოფლიო მასშტაბით ფართო მედიის ყურადღება მიიპყრო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტის პრესასა და ტელევიზიაში ფართომასშტაბიანმა გაშუქებამ მსოფლიოში მონაკოს შესახებ ცნობადობა აამაღლა.[17]

1962 წელს მონაკოში მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გაუქმდა სიკვდილით დასჯა, ქალებს მიეცათ საარჩევნო უფლება და დაარსდა უმაღლესი სასამართლო.

1993 წელს მონაკო გაეროს წევრი ქვეყანა გახდა.[18]

2002 წელს საფრანგეთსა და მონაკოს შორის შეთანხმება დაიდო, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ გრიმალდის დინასტია მემკვიდრის გარეშე დარჩება, მონაკოს სამთავრო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და არ მოექცევა საფრანგეთის მმართველობის ქვეშ. ამასთანავე, საფრანგეთი ვალდებულებას ინარჩუნებს მონაკოს სამხედრო დაცვაზე.[19][20]

2005 წლის 31 მარტს რაინერ III-მ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა თავისი მოვალეობების შესრულებაზე, ნებაყოფლობით გადადგა ტახტიდან და თანამდებობა თავის ვაჟსა და მემკვიდრეს, ალბერს გადაულოცა.[21] 56 წლიანი მეფობის შემდეგ იგი 6 აპრილს გარდაიცვალა.

საყოველთაო გლოვის დასრულების შემდეგ, მონაკოს სამეფო ტახტი პრინცმა ალბერ II-მ ოფიციალურად 2005 წლის 12 ივლისს დაიკავა.[22] მისი გამეფების აღსანიშნავად საზეიმო მესა წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში გაიმართა, ხოლო გვირგვინის დადგმის ცერემონიალი ამავე წლის 18 ნოემბერს პრინცის სასახლეში შედგა.[23]

2015 წლის 27 აგვისტოს ალბერ II-მ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში მეორე მსოფლიო ომში მონაკოს მონაწილეობაზე, რაც 90 ებრაელისა და გერმანიის მოწინააღმდეგე მებრძოლების დეპორტაციაში ხელის შეწყობაში გამოიხატა, რომელთაგან სიკვდილს მხოლოდ ცხრა გადაურჩა. „ჩვენ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვით, როცა მეზობელ ავტორიტეტულ ძალებს ქალები, მამაკაცები და ბავშვები გადავეცით, რომლებიც საფრანგეთიდან დევნასა და შევიწროებას გამოქცეულები ჩვენთან თავშესაფარს ეძებდნენ და მონაკოს ნეიტრალიტეტის იმედი ჰქონდათ,“[24] – თქვა პრინცმა მონაკოს სასაფლაოზე გამართულ ცერემონიაზე, სადაც გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მონუმენტი აღიმართა.

მონაკო
მონაკოს პანორამული სურათი, ყვითელი ხაზით აღნიშნულია საზღვარი

მონაკო სუვერენული ქალაქ-სახელმწიფოა, რომელიც ხუთი კვარტლისა და ათი საარჩევნო ოლქისგან შედგება.[25] მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთის რივიერაზე. აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ზღვისპირა ალპები, ხოლო სამხრეთიდან – ხმელთაშუა ზღვა. მონაკოს ცენტრი იტალიიდან 16 კილომეტრით, ხოლო საფრანგეთის ქალაქ ნიციდან 13 კილომეტრითაა დაშორებული.[18]

მონაკოს ფართობი 2.1 კმ², ხოლო მოსახლეობა 38,400-ია,[26] რითაც მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა.[18] სახმელეთო საზღვარი 5.47,[26] ხოლო საზღვაო 3.83 კმ-ია. ქვეყნის საზღვაო სივრცე 22.2 კმ-ზე ვრცელდება.

მონაკოს უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 164.4 მეტრზე მდებარეობს,[27] ხოლო ქვეყნის ყველაზე დაბალი წერტილი ხმელთაშუა ზღვაა.[28]

მონაკოს წყლის მთავარი არტერია მდინარე სენტ-ჟანია, რომლის კალაპოტიც 0.19 კმ-ია. უდიდესი ტბაა ფონტვეილი, რომლის ფართობიც 0.5 ჰექტარია.[29] ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლეობული კვარტალია მონტე-კარლო.[30]

მონაკოს ერთადერთი ბუნებრივი რესურსი თევზაობაა.[31] რადგანაც ურბანული სივრცე ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს, მონაკოში არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო კომერცია.

ლა კონდემინისა და მონტე-კარლოს პანორამული ხედი

მონაკოში ხმელთაშუა ზღვის ჰავიდან ოკეანურზე და ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. ზაფხული ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი – ზომიერი და წვიმიანი. ატმოსფერული ნალექის სახით თოვლი და ყინვა ზამთრის პერიოდში საშუალოდ ათ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება.[32][33]

ჰავის მონაცემები — მონაკო (საშუალოები — 1981–2010, ექსტრემუმები — 1966–დღემდე)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 19.9 23.2 25.6 26.2 30.3 32.5 34.4 34.5 33.1 29.0 25.0 22.3 34.5
საშუალო მაღალი °C 13.0 13.0 14.9 16.7 20.4 23.7 26.6 26.9 24.0 20.6 16.5 13.9 19.2
საშუალო დღიური °C 10.2 10.2 12.0 13.8 17.5 20.9 23.8 24.2 21.1 17.9 13.8 11.2 16.4
საშუალო დაბალი °C 7.4 7.4 9.1 10.9 14.6 18.0 21.0 21.4 18.3 15.2 11.2 8.5 13.6
რეკორდულად დაბალი °C −3.1 −5.2 −3.1 3.8 7.5 9.0 10.5 12.4 10.5 6.5 1.6 −1.0 −5.2
საშუალო ნალექი (მმ) 67.7 48.4 41.2 71.3 49.0 32.6 13.7 26.5 72.5 128.7 103.2 88.8 743.6
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1,0 მმ) 6.0 4.9 4.5 7.3 5.5 4.1 1.7 2.5 5.1 7.3 7.1 6.5 62.4
საშუალო თვიური მზიანი საათები 149.8 158.9 185.5 210.0 248.1 281.1 329.3 296.7 224.7 199.0 155.2 136.5 2 574,7
წყარო 1: Météo France[34]
წყარო 2: მონაკოს საიტი (მხოლოდ მზე)[35]
კაზინო მონტე-კარლო

მონაკოში მრავალი სტილის არქიტექტურული ნიმუშებია წარმოდგენილი, თუმცა ძირითადად ქალაქის იერსახე, განსაკუთრებით კი მონტე-კარლოს კვარტალი, მშვენიერი ეპოქის სტილის არქიტექტურითაა დამშვენებული. ყველაზე კარგად არქიტექტურის ეს სტილი კაზინო მონტე-კარლოს შენობაშია წარმოდგენილი, რომელიც 1878-1879 წლებში აშენდა. შენობა დეკორატიული ელემენტების სიმრავლის საშუალებით სიმდიდრისა და ფუფუნუნების გამოხატულებაა, რაც მონაკოს არქიტექტურის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.[36]

ალბერ II, მონაკოს პრინცი

მონაკოს მმართველობის ფორმა 1911 წლიდან კონსტიტუციური მონარქიაა, რომლის სათავეშიც მონაკოს პრინცი დგას.[37] აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში შედის სახელმწიფო მინისტრი, რომელიც უმაღლესი ხელისუფლის წარმომადგენელია. იგი მთავრობის საბჭოს და ამასთანავე ამ საბჭოს ხუთი წევრის, ოთხი მრჩევლისა და ერთი დელეგატის თავმჯდომარეა.[38] 2002 წლამდე სახელმწიფო მინისტრი საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელსაც მონაკოს პრინცი საფრანგეთის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ირჩევდა. 2002 წელს საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი შესაძლებელია იყოს როგორც საფრანგეთის, ასევე მონაკოს მოქალაქე. 2010 წლის 3 მარტს ალბერ II-მ სახელმწიფო მინისტრად ფრანგი მიშელ როჟე დანიშნა.[39]

1962 წლის კონსტიტუციის მიხედვით, მონაკოს პრინცი ვეტოს უფლებას საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნულ საბჭოს უზიარებს.[40] საბჭოს 24 წევრს ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ, მათგან 16-ს მაჟორიტარული, ხოლო 8-ს პროპორციული სისტემით.[41] ეროვნულ საბჭოში ამჟამად წამყვანი ძალა კონსერვატიული პარტიაა, რომელიც 20 წევრითაა წარმოდგენილი. ქალაქის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო კომუნალური საბჭოა, რომელიც 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე ქალაქის მერია.[42] ეროვნული საბჭოსგან განსხვავებით, კომუნალური საბჭოს არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.[43]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაკო მსოფლიოში ტერიტორიის სიმცირის მიხედვით მეორე, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით პირველ ადგილზე დგას. ქვეყანა ერთი მუნიციპალიტეტისგან შედგება. ქალაქსა და სახელმწიფოს შორის ტერიტორიული საზღვრები არ არსებობს, თუმცა განსხვავდება მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ვალდებულებები, რომელთაგან პირველი სახელმწიფო, ხოლო მეორე ქალაქის ფარგლებში ვრცელდება.

დღეისათვის მონაკო ხუთ კვარტლად და ათ საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი.[44][45][46][47][48]

2015 წლის მონაცემებით მონაკოს მცხოვრებთა რიცხვი 38,400-ია.[49] მოსახლეობის უმრავლესობა – 28.4% ფრანგია, 21.6% – მონეგასკი, 18.7% – იტალიელი, 7.5% – ბელგიელი, 2.5% – გერმანელი და 2.5% – შვეიცარიელი.[50]

მონაკოს მცხოვრებლებს, რომლებიც ქვეყანაში დაიბადნენ, მონეგასკები ეწოდებათ.[51] 2017 წლის მონაცემების მიხედვით, მონაკოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თითქმის 90 წელია, რითაც ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.[52][53]

მონაკოში ოფიციალური ენაა ფრანგული. გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზე იტალიური ენა დგას, ხოლო ინგლისურ ენაზე ამერიკელი, ბრიტანელი, კანადელი და ირლანდიელი მოსახლეობა საუბრობს. მონაკოს ტრადიული ეროვნული ენა მონეგასკურია, რომელიც ლიგურიული ენის ვარიაციაა. აღსანიშნავია, რომ გრიმალდების დინასტიას სწორედ ლიგურიული წარმოშობა აქვს. დღეისათვის მონეგასკურზე მოსახლეობის მცირე ნაწილი საუბრობს, ეს უკანასკნელი მკვიდრ მონაკოელთათვის მეორე ენას წარმოადგენს.

მონაკო მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას მშპ-ს მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც 185,742 დოლარს უდრის, ასევე მშპ-ს მაჩვენებლით მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტთან მიმართებით, რომელიც 183,150 დოლარია.[54][55] ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა 2%-ია,[56] ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 48 ათასს შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საფრანგეთისა და იტალიის მოქალაქენი არიან.[30] ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის მონაკოში სიღარიბის დონე ყველაზე დაბალია, ხოლო მილიონერთა და მილიარდერთა რიცხვით ქვეყანა პირველ ადგილზე დგას.[57]

მონაკოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამმართველი ძალაა ტურიზმი. აზარტული დაწესებულებები და სასიამოვნო ჰავა ყოველწლიურად ქვეყანაში უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.[58] მონაკო ასევე ფინანსური ცენტრის სტატუსს ატარებს, სადაც 100 მილიარდზე მეტი ღირებულების ფონდებია თავმოყრილი.[59] ქვეყანამ ეკონომიკური ბაზის დივერსიფიკაცია მომსახურების სფეროსა და მცირე ინდუსტირულ წარმოებაში წარმატებით შეძლო.[60]

ოკეანოგრაფიის მუზეუმი

მონაკოში ოპერის თეატრი, სიმფონიური ორკესტრი და კლასიკური საბალეტო დასია.[61]

ქვეყნის გამორჩეულ მუზეუმებს შორისაა ნაპოლეონის მუზეუმი, ოკეანოგრაფიის მუზეუმი და მონაკოს ეროვნულ მუზეუმი, რომელშიც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.

მონაკო მასპინძლობს საერთაშორისო ღონისძიებებს, როგორებიცაა მონტე-კარლოს ცირკის საერთაშორისო ფესტივალი, სამოყვარულო თეატრის მსოფლიო ფესტივალი და მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალი.

მონაკოში ყოველწლიურად 17 სექტემბერს პურის ფესტივალი იმართება.[62]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. United-Nations data, country profile. ციტირების თარიღი: 29 October 2013.
  2. Constitution of Monaco (art. 78): The territory of the Principality forms a single commune.. ციტირების თარიღი: 29 October 2013.
  3. Constitution de la Principauté. Council of Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 22 May 2008.
  4. Monaco en Chiffres. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-15. ციტირების თარიღი: 2016-05-06., Principauté de Monaco. Retrieved 7 June 2010.
  5. Population et emploi / IMSEE — Monaco IMSEE fr. Imsee.mc. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  6. 6.0 6.1 World Development Indicators. მსოფლიო ბანკი. ციტირების თარიღი: 8 October 2012. Note: "PPP conversion factor, GDP (LCU per international $)" for France (0.8724) was used.
  7. Population, total. World Bank. ციტირების თარიღი: 2019-09-18
  8. Monaco Statistics / IMSEE — Monaco IMSEE fr. Imsee.mc. ციტირების თარიღი: 3 August 2016.
  9. Ventimiglia - Principato di Monaco. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 8 April 2020.
  10. Monte Carlo: The Birth of a Legend. SBM Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 August 2013.
  11. One in Three is a Millionaire in Monaco: Study. ndtv.com.
  12. „Monaco timeline“. BBC News. 28 March 2012. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  13. Monaco Politics, government, and taxation. Nationsencyclopedia.com. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  14. Monaco History, History of Monaco – Allo' Expat Monaco. Monaco.alloexpat.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2012. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  15. Abramovici P. Un rocher bien occupé : Monaco pendant la guerre 1939–1945 Editions Seuil, Paris 2001, ISBN 2-02-037211-8
  16. Monaco histoire. Tmeheust.free.fr. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  17. Monaco – Principality of Monaco – Principauté de Monaco – French Riviera Travel and Tourism. Nationsonline.org. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  18. 18.0 18.1 18.2 CIA – The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  19. History of Monaco. Monaco chronology. Europe-cities.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  20. Monaco Military 2012, CIA World Factbook. Theodora.com. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  21. Monaco Royal Family. Yourmonaco.com. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  22. Biography – Prince's Palace of Monaco. Palais.mc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  23. History of Monaco, Grimaldi family. Monte-Carlo SBM. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  24. Williams, Carol J. (27 August 2015). „More than seven decades later, Monaco apologises for deporting Jews“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 31 August 2015.
  25. Monaco Districts. Monaco.me. ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  26. 26.0 26.1 Monaco, Government of. "monaco statistics pocket" / Publications / IMSEE - Monaco IMSEE.
  27. Highest point at ground level (Access to Patio Palace on D6007) Monaco Statistics pocket – Edition 2014 (PDF). Monaco Statistics – Principality of Monaco.
  28. Highest and lowest points in countries islands oceans of the world. Worldatlas.com. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  29. Monaco. Google Maps. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  30. 30.0 30.1 Plan General De La Principaute De Monaco (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  31. Prince Albert of Monaco interview on fishing issues. YouTube (30 June 2011). ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  32. Snow in Casino Square!. Monte Carlo Daily Photo (19 December 2009). ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  33. Monaco – Weather / Monaco Official Site. Visitmonaco.com. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  34. Monaco (99) ფრანგ. . Fiche Climatologique: Statistiques 1981–2010 et records. Meteo France. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2018. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
  35. Climatological information for Monaco French. Monaco Tourist Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2018. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2018.
  36. Novella, René; Sassi, Luca Monaco : eight centuries of art and architecture, Epi Communication, 2015
  37. Monaco (16 November 2011). ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  38. Politics. Monaco-IQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  39. History « Consulate General of Monaco. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  40. Monaco: Government (4 October 2004). ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  41. Monaco. Freedom House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  42. Mairie de Monaco. Les élus. La Mairie de Monaco. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 30 ივლისი 2020.
  43. Le Conseil Communal – Mairie de Monaco. La Mairie de Monaco. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 30 ივლისი 2020.
  44. Monaco – Location and size (2 July 2011). ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  45. Dictionary – Definition of Larvotto (1 March 2008). ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  46. Tourist Board Official Website. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  47. Nom (obligatoire). Extension en mer: Fontvieille ou Larvotto ?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 12 March 2013.
  48. Monaco Commune. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  49. Monaco Statistics office. ციტირების თარიღი: 3 August 2017.
  50. General Population Census 2008: Population Recensee et Population Estimee French. Government of the Principality of Monaco (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2011. ციტირების თარიღი: 7 October 2011.
  51. Culture of Monaco. Everyculture.com. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  52. CIA World Factbook, Monaco. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  53. International Rankings of Monaco - 2018. Theodora.com. ციტირების თარიღი: 4 July 2018.
  54. The World Bank Group. The World Bank Group. ციტირების თარიღი: 18 September 2019.
  55. Gross national income per capita 2010, Atlas method and PPP. World Bank
  56. Central Intelligence Agency. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  57. Alleyne, Richard (4 October 2007). „Prince Albert: We want more for Monaco“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  58. Monaco: Economy >> globalEDGE: Your source for Global Business Knowledge. Globaledge.msu.edu. ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  59. Robert BOUHNIK. (19 December 2011) Home > Files and Reports > Economy(Gb). Cloud.gouv.mc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 22 March 2012.
  60. Monaco Economy 2012, CIA World Factbook. Theodora.com. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
  61. Culture of Monaco. everyculture.com.
  62. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-25. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  翻译: