შინაარსზე გადასვლა

ნევროპათოლოგია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასკულიტური ნევროპათიის მიკროსკოპული გამოსახულება

ნევროპათოლოგია (ძვ. ბერძნ. pathos) — კლინიკური დისცილინა, რომელიც შეისწავლის ნერვული სისტემის დაავადების მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას; ნევროლოგიის ერთ-ერთი დარგი. აშშ-ში ნევროპათოლოგია ეწოდება ნევროლოგიის იმ ვიწრო დარგს, რომელიც შეისწავლის ნერვული სისტემის პატომორფოლოგიას. ნერვული სისტემის დაავადებებს შეისწავლის აგრეთვე ნეიროქირურგია და ფსიქიატრია.

ცნობები ნერვული სისტემის დაავადებების შესახებ მოიპოვება ძველ ეგვიპტურ, ჩინურ, ბერძნულ და რომაულ ხელნაწერებში. ჰიპოკრატეს, ჰეროდოტეს, ერასისტრატეს, გალენოსის, იბნ სინას და სხვათა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარეს ნერვული სისტემის დაავადებათა გამოცნობას. ნევროპათოლოგიის შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ფრანგმა მეცნიერებმა შარკომ და მარიმ, ინგლისელმა ჯორჯ პარკინსონმა, ჯექსონმა და სხვ. რუსეთში ნევროპათოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის, ჩამოყალიბება მოსკოვის ნევროპათოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, კოჟევნიკოვისა და მისი მოწაფეების - როტის, მურატოვის, როსოლიმოს, დარკშევიჩის, მინორის, აგრეთვე, სანქტ-პეტერბურგის სკოლის წარმომადგენლების - ბეხტერევის, ბლუმენაუს და სხვ. სახელებთან არის დაკავშირებული. სსრკ-ში ნევროპათოლოგიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასტვაცატუროვის, ბოგოლეპოვის, სარაჯიშვილის და სხვათა ნაშრომებს.

ნევროპათოლოგიაში მიღებულია ავადმყოფის გამოკვლევის სპეციფიკური ნევროლოგიური სტატუსის გამოკვლევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ადგენენ დაავადების ხასიათს და დაზიანების კერას (ე.წ. ტროპიკული დიაგნოსტიკა). დამატებითი გამოკვლევებიდან განსაკუთრებით მიღებულია ისეთი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც სწავლობენ თავის ტვინის სისხლძარღვიანი სისტემის მდგომარეობას (ანგიოგრაფია, რეოენცეფალოგრაფია); ადგენენ ქალასშიდა შიგთავსის დეფორმაციასა და გადაადგილებას (ექოენცეფალოგრაფია); ელექტროფიზიოლოგიური მეთოდების საშუალებით იკვლევენ ნერვ-კუნთოვან აპარატში და თავის ტვინის ქერქში განვითარებულ ბიოელექტრულ ძვრებს (ელექტრომიოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია); მიმართავენ აგრეთვე თავის ქალას და ხერხემლის მიმოხილვით, ცენტრირებულ, კონტრასტულ, რენტგენოგრაფიას (პნევმოენცეფალოგრაფია, მიელოგრაფია).

თანამედროვე ნევროპათოლოგიის უმთავრესი პრობლემაა თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ნერვული სისტემის ინფექციური დაავადებები, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები, კუნთოვანი, ნერვ-კუნთოვანიაპარატისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მემკვიდრეობით - ოჯახური დაავადებები და სხვ. ინტენსიურად იკვლევენ აგრეთვე ხერხემლის სახსარ-იოგოვანი აპარატის პათოლოგიის (ოსტეოქონდროზი) როლს ზურგის ტვინისა და მისი ფესვების დაავადებების განვითარებაში. ნევროპათოლოგიის დამოუკიდებელი დარგია ბავშვთა ნევროპათოლოგია , აგრეთვე ნეიროგერონტოლოგია. ნერვულ სნეულებათა სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ნეიროლეპტიკურ, განგლიომაბლოკირებელ, ტრანკვილიზაციურ საშუალებებს, აგრეთვე პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ ცალკეულ სინაფსურ სისტემებზე (გამა-ამინომჟავას პრეპარატები, L-დოფა და სხვ.). საჭირო შემთხვევაში მიმართავენ ინტენს. თერაპიას რეანიმაციური ღონისძიებების ჩათვლით.  ნერვული სისტემის დათრგუნვილი ფუნქციების აღდგენისათვის იყენებენ მკურნალობის რეაბილიტაციურ მეთოდებს. პროფილაქტიკურ საქმეს ემსახურება პოლიკლინიკების ნევროპათოლოგიური კაბინეტები, სპეციალური ნევროპათოლოგიური სანატორიუმები და სხვ.

ნევროპათოლოგებს ამზადებს სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების ნევროპათოლოგიის კათედრები. ძველ ქართულ სამედიცინო ჩანაწერებში უხვად მოიპოვება ცნობები ნერვულ სნეულებათა შესახებ. თანამედროვე საქართველოში ნევროპათოლოგიის განვითარება დაკავშირებულია ანფიმოვის, ყიფშიძის, სარაჯიშვილის, რუხაძის, ენუქიძის, გაბაშვილის და სხვათა სახელებთან. საქართველოს სსრ-ში ნევროპათოლოგიის განვითარებას ემსახურებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და საექსპერტო ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, აგრეთვე, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო, პედიატრიული, სანიტარია-ჰიგიენის, სტომატოლოგიის ფაკულტეტების კათედრები, და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებები, ნევროპათოლოგიის საზოგადოებები და ჟურნალები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  翻译: