შინაარსზე გადასვლა

სულეიმან I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულეიმან I დიდებული
Muhteşem Süleyman
ოსმალეთის მე-10 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 30 სექტემბერი, 1520
მმართ. დასასრული: 7 სექტემბერი, 1566
წინამორბედი: სელიმ I
მემკვიდრე: სელიმ II
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1494
დაბ. ადგილი: ტრაპიზონი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1566
გარდ. ადგილი: სიგეტვარი, უნგრეთი
მეუღლე: მაჰიდევრანი,
ჰიურემი
გულფემი
ფულანე
შვილები: მურადი
მუსტაფა, მეჰმედი, აჰმედი,
აბდულა, სელიმი
ბაიაზიდი, ჯიჰანგირი
მიჰრიმაჰი, რაზიე, ფატმა
დინასტია: ოსმანები
მამა: სელიმ I
დედა: აიშე სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

სულეიმან I კანუნი, სულეიმან კანონმდებელი (თურქ. Muhteşem Süleyman, არაბ. سليمان القانوني; დ. 6 ნოემბერი, 1494 – გ. 7 სექტემბერი, 1566) — ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა 1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტამ[1] მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.

სულეიმანი დაიბადა 1494 წელს ტრაპიზონში ბაიაზიდ II-ის უმცროსი შვილის, სელიმ I-ისა და ყირიმის ხანის მენლი I გირეის შვილის, აიშე ჰაფსა სულთნის ოჯახში.

იგი ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მის დროს ოსმალეთის იმპერია გაფართოვდა და გაძლიერდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი, მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან კავკასიისათვის.

სულეიმანის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის იმპერიას საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ჰაბსბურგებთან და საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-სთან. ამ ყველაფერმა, მათ შორის მრავალი კონფლიქტი წარმოშვა, რომელთაგან ყველაზე მწვავე 1541-1547 წლების კონფლიქტი იყო. მისი დაწყება ფერდინანდ I-ის მიერ ბუდის აღებამ გამოიწვია. ჰაბსბურგებმა ბუდის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და ამასთან ერთად, ესტერგომიც დაკარგეს. ასე რომ, კარლი და ფერდინანდი იძულებულნი გახდნენ 1547 წელს ადრიანოპოლის დროებითი ზავის დადებას დათანხმებოდნენ.

სულეიმან I-ის წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი შეჰქონდა იმპერიის საზღვაო ფლოტს, რომელიც იმდროისთვის ძალიან დიდი ძალას წარმოადგენდა. ძლიერმა ფლოტმა იმპერიას მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და მნიშვნელოვნად გაამყარა მისი პოზიციები ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში. სულეიმანის დროინდელი კაპუდან-ფაშებიდან გამორჩეულია ხაირ ალ-დინ ბარბაროსა, რომლის მეთაურობითაც ოსმალეთის ფლოტმა მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ოსმალეთის ფლოტის ყველაზე შთამბეჭდავ გამარჯვებად 1538 წელს პრევეზის ბრძოლაში გაერთიანებული ქრისტიანული ძალების დამარცხება ითვლება.

მისი მმართველობის პერიოდში შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს, 1566 წელს.

სულეიმან I ოსმალეთის იმპერიას სათავეში თითქმის 46 წლის განმავლობაში ედგა. ამდენი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია არც ერთ სხვა სულთანს უმართავს. სულეიმანს შემდეგ, ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით მოდის მეჰმედ IV, რომელიც 39 წლის განმავლობაში (1648-1687 წწ.) ედგა სათავეში ოსმალეთს.

სულეიმანი ოსმალურ ენაზე ცნობილია سلطان سليمان أول (სულეიმან I) ან السلطان سليمان القانوني‎‎ (სულეიმან კანუნი) სახელით. ძირითადად, აღმოსავლეთში მას სწორედ ამ ორი სახელით მოიხსენიებენ, თუმცა დასავლეთში ის უფრო მეტად ცნობილია სულეიმან დიდებულის ან სულეიმან ბრწყინვალეს სახელით.

ახალგაზრდა სულეიმანი

სულეიმანი დაიბადა 1494 წელს, ტრაპიზონში, იმ დროს, როცა მამამისი და ოსმალეთის მომავალი სულთანი შეჰზადე სელიმი ტრაპიზონის სანჯაყ-ბეი იყო. სულეიმანის დაბადების დროს და მომდევნო 18 წლის განმავლობაში, ოსმალეთის იმპერიის სულთანი იყო ბაიაზიდ II. სულეიმანის მამა, სელიმი, ბაიაზიდის უმცროსი ვაჟი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, სელიმმა ძალაუფლებისა და ტახტისთვის არავინ დაინდო და სულთანიც იძულებული გახდა ტახტი სწორედ მისთვის დაეთმო. 7 წლის ასაკში სულეიმანი ისტორიის, მეცნიერების, ლიტერატურისა და თეოლოგიის შესასწავლად თოფქაფის სასახლის სკოლაში გაგზავნეს. იგი ბავშვობიდანვე ძალიან მიზანდასახული ადამიანი იყო. როცა სულეიმანი 16 წლის იყო, მას უკვე არც ერთი ძმა აღარ ჰყავდა, რადგან ორი მათგანი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო ერთი ეპიდემიამ იმსხვერპლა. ამიტომ ის ტახტის პირველ მემკვიდრედ აღიარეს და ჯერ კიდევ ბავშვობაში, საუფლისწულო სანჯაყში (საიდანაც ძირითადად უკვე სულთნები ბრუნდებოდნენ) მანისაში გააგზავნეს. მამამისი ტახტზე 1512 წელს ავიდა. სულეიმანი 10 წლის განმავლობაში, მამამისის მმართველობის პერიოდში, წარმატებით მართავდა მანისას და მმართველობის გამოცდილებაც მიიღო. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1520 წლის სექტემბერში, 25 წლის ასაკში, იგი დედაქალაქში უკვე ქვეყნის მმართველობისათვის დაბრუნდა.

ბრძოლები ევროპასთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგრადის შემოერთება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სულეიმანი როდოსის ალყის დროს

ტახტზე ასვლისთანავე, სულეიმანმა განაცხადა, რომ მის მთავარ მიზანს ბელგრადი წარმოადგენდა და მზადება დაიწყო. იქამდე, მის წინაპრებს არაერთხელ ჰქონიათ ბელგრადის აღების მცდელობა, თუმცა ვერ ახერხებდნენ. 1521 წლის დასაწყისში სულეიმანი, როგორც ფადი-შაჰი, პირველად გაემგზავრა ლაშქრობაში და ეს ლაშქრობა მისთვის წარმატებული გამოდგა. ოსმალეთის არმიამ ალყა 25 ივლისს დაიწყო. პირველი შვიდი დღის განმავლობაში, ოსმალები ქალაქის კედლებს ზარბაზნებით უტევდნენ. შემდეგ კი ბრძოლაში ჯარისკაცები ჩაერივნენ. საბოლოოდ, ბელგრადი 29 აგვისტოს დაეცა. სწორედ ბელგრადის დაპყრობის შედეგი იყო რამდენიმე წლის შემდეგ გამართული მოჰაჩის ბრძოლა. სერბეთის დედაქალაქი შესანიშნავი პლაცდარმი იყო ოსმალთათვის სამომავლო დაპყრობებისათვის.

როდოსის შემოერთება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულეიმანი ტახტზე ასვლამდეც არ მალავდა, რომ სურდა ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კუნძულის, როდოსის შემოერთება და ამაზე ხშირად საუბრობდა ერთგულ მეგობარ იბრაჰიმთან. ტახტზე ასვლის შემდეგ კი მან თავისი განზრახვის შესრულება გადაწყვიტა.[2] მას შემდეგ, რაც დედაქალაქში პირველი ლაშქრობიდან წარმატებული დაბრუნდა, როდოსის დასაპყრობად მზადება დაიწყო.[3] 1522 წლის ივნისში სულეიმანი როდოსზე გაემგზავრა კარგად მომზადებულ არმიასთან ერთად. 27 ივნისს როდოსის ალყა დაიწყო. გადიოდა კვირები, მაგრამ როდოსის აღებას ოსმალები ვერ ახერხებდნენ. ფაშებმა ურჩიეს სულეიმანს, რომ ალყა მოეხსნა, მაგრამ მან განაცხადა, რომ როდოსის შემოერთება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და უარი თქვა ალყის მოხსნაზე. 5 თვიანი ალყის შემდეგ, 22 დეკემბერს როდოსი დაეცა და ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა.[4] როდოსელებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს ოსმალთა წინააღმდეგ და ამიტომ, მთელი მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურეს. როდოსის დაპყრობამ ოსმალეთის ფლოტს გზა გაუხსნა დაეპყრო ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულები. ეს შესაძლებლობა მომავალში მშვენიერად გამოიყენა სულეიმანის ფლოტის მეთაურმა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ.

მოჰაჩის ბრძოლა, ოტომანტური მინიატურა

1526 წლის 29 აგვისტოს ოსმალეთის იმპერიასა და უნგრეთს შორის გაიმართა მოჰაჩის ბრძოლა, რომლის შედეგადაც ოსმალეთის იმპერიამ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. იმ დროს უნგრეთის მეფე იყო 20 წლის, გამოუცდელი ლაიოშ II. სულთან სულეიმანის არმიაში შედიოდა 100 000 ჯარისკაცი, ხოლო ლაიოშ II-ს უნგრეთის, ჩეხეთისა და ხორვატიის ძალების შეერთებით მხოლოდ და მხოლოდ 25 ათასი მეომარი ჰყავდა.[5] ლაიოში ბრძოლის დაწყებამდე არაერთხელ გააფრთხილეს და შესთავაზეს, დანებებოდა ოსმალთა არმიასა და სულთან სულეიმანს, რადგან თითქმის წარმოუდგენელი იყო 25 ათასს დაემარცხებინა 100 ათასი. უნგრეთის მეფეს თავად სულეიმანმაც მისწერა წერილი და შეჰპირდა, რომ თუ უბრძოლველად დანებდებოდა, მას და მის ლაშქარს არაფერს დაუშავებდა.[6] მაგრამ ლაიოშმა უკან მაინც არ დაიხია და ოსმალთა არმიას შეება.[7] ოსმალთა ჯარმა მახეში გააბა ლაიოში და მისი ლაშქარი. მეფე მაშინ მიხვდა, რომ მახეში გააბეს და უკან დახევა დაიწყო, როცა ძალიან გვიანი იყო. ოსმალებმა მთლიანად გაანადგურეს მოწინააღმდეგე ლაშქარი და მას დამანგრეველი მარცხი აგემეს. მეფე ლაიოშიც სწორედ ამ ბრძოლაში უკან დახევის დროს დაიღუპა.[8]

მოჰაჩის ბრძოლაში გამარჯვებამ ოსმალებს მთელი ცენტრალური ევროპის დაპყრობის შესანიშნავი შანსი მისცა. ოსმალებმა ეს სცადეს კიდეც 1529 ვენის ალყით და 1537 წელს ვენეციის ლაშქრობით, თუმცა ორივე მათგანი წარუმატებლად დასრულდა.[9] სულეიმანმა ჰაბსბურგებთან აწარმოა მოლაპარაკებები და საბოლოოდ მათ ერთობლივად შექმნეს ოსმალეთის უნგრეთი 1541 წელს.[10] სულეიმანმა მის მმართველად სწორედ ჰაბსბურგების წარმომადგენელი, ფერდინანდ I დანიშნა. უნგრელი ხალხი წინააღმდეგი არ იყო ოსმალთა ბატონობის და შედეგად, ოსმალეთის გავლენა იზრდებოდა მათზე. ოსმალეთის უნგრეთი არსებობდა 1699 წლამდე, სანამ კარლოვიცის ზავის შედეგად ოსმალეთი უნგრეთს დაკარგავდა.

ვენის ალყა

1529 წელს ოსმალეთის არმია კიდევ უფრო ღრმად შეიჭრა ცენტრალურ ევროპაში ვენის ალყით. სულეიმანმა, მოლდოვეთის არმიასთან ერთად, თითქმის 100 000 მეომარი შეაგროვა. ვენის აღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ოსმალთათვის უფრო იოლი გახდებოდა იტალიაში შეჭრა და რომის აღება.[11][12] აქედან გამომდინარე, ქრისტიანულ სამყაროს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს ალყა უშედეგოდ დასრულებულიყო. ამისთვის გაერთიანდნენ საღვთო რომის იმპერია, ბოჰემიის სამეფო და ესპანეთი, თუმცა ოსმალები მაინც ფლობდნენ რიცხობრივ უპირატესობას.[13]

ოსმალთა არმია სექტემბერში გაემგზავრა ვენაში. ალყა კი 27 სექტემბერს დაიწყო. ოსმალეთის არმია მაქსიმალურად ცდილობდა ქალაქი აიღო, თუმცა ვენის ციხესიმაგრეს ძალიან კარგად იცავდნენ გაერთიანებული ძალები.[14] სულეიმანმა თითქმის 20 დღე იცადა და მიხვდა, რომ ვენის აღებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა და ახლოვდებოდა ზამთარი, ამიტომ 15 ოქტომბერს ალყა მოხსნა და დედაქალაქში დაბრუნდა. ვენის ალყის უშედეგოდ დასრულებამ ოსმალეთის დაპყრობისგან გადაარჩინა ავსტრია და იტალია. ამის შემდეგ ოსმალებს აღარ ჰქონიათ ვენის აღების მცდელობა.[15]

ვენეციის წარუმატებელი ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კორფუს ალყა

იბრაჰიმ-ფაშას სიკვდილით დასჯიდან ერთი წლის შემდეგ, 1537 წელს, სულეიმანი იტალიის დასალაშქრად გაემგზავრა. მისი მთავარი მიზანი რომის აღება იყო. იბრაჰიმის მომდევნო დიდი ვეზირი, აიას მეჰმედ-ფაშა, ამტიცებდა, რომ ვენეცია ამ ომში არავითარ შემთხვევაში არ ჩაებმებოდა, რადგან მათ ზავი აკავშირებდათ, მაგრამ მწარედ შეცდა. ვენეციელებმა ოსმალეთის საზღვაო ფლოტს შეუტიეს და მისი ნაწილი გაანადგურეს. შემდეგ კი მიზეზად დაასახელეს, ვერ ვიცანით ვინ იყვნენო. სინამდვილეში, მათთან კავშირი ჰქონდა რომის პაპ პავლე III-ს, რომელმაც მათ ამის გაკეთება დაავალა. სულეიმანი საშინლად გაბრაზდა დიდ ვეზირზე და სწორედ მისი შეცდომის გამო, იგი იძულებული გახდა, რომ დროებით უკან დაეხია და ალყა კუნძულ კორფუსთვის შემოერტყა. 19 დღიანი უშედეგო ალყის შემდეგ, სულეიმანმა ალყა მოხსნა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ზამთარი ახლოვდებოდა და დედაქალაქში დაბრუნდა. საბოლოოდ, ვერც სულეიმანმა და ვერც შემდეგმა სულთნებმა, იტალიის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.[16]

პრევეზის ბრძოლა

1538 წელს, რომის პაპმა პავლე III-მ, ოსმალეთის ფლოტის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა ქრისტიანული სამყარო — ესპანეთი, ვენეცია, პაპის ოლქი და გენუა. სანამ ეს მოხდებოდა, სულეიმანის ბრძანებით, ვენეციის წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ, კაპუდან-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ და მისმა ფლოტმა ვენეციაში მდებარე უამრავი კუნძული დაიპყრო.[17] შედეგად, პაპი იძულებული გახდა წმინდა ლიგის რამდენიმე ქვეყანა გაეერთიანებინა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. გაერთიანებული ქრისტიანების ფლოტი საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა და ოსმალეთისას აღემატებოდა.[18]

ბრძოლა გაიმართა 1538 წლის 28 სექტემბერს. მოკავშირეთა არმიის მეთაური იყო გენუელი ანდრე დორია. მის ფლოტს ჰქონდა დიდი უპირატესობა, რადგან ჰყავდა 170-მდე გალერა, ხოლო ჰიზირ-რეისს — 122. ამას გარდა, მოკავშირეებს ხელს უწყობდა ქარის მიმართულება,[19] თუმცა, ქარმა მიმართულება სრულიად მოულოდნელად შეიცვალა და გაერთიანებული ევროპელები სასტიკად დამარცხდნენ. ოსმალებმა ტყვედ აიყვანეს 3000 ტყვე და ხელთ იგდეს 36 გალერა. ამასთან ერთად, მათ 10 გალერა ჩაძირეს, ხოლო 3 დაწვეს. ამ ბრძოლაში მიღწეული წარმატება ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვებაა სულეიმან I-ის მმართველობის პერიოდში.[20]

კონფლიქტი ჰაბსბურგებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ესტერგომის ალყა

1541 წელს, ოსმალებს კიდევ ერთი კონფლიქტი მოუვიდა ჰაბსბურგებთან. ფერდინანდ I-მა დაიწყო ბუდას ალყა და აიღო ციხესიმაგრეები. სულეიმანმა არა თუ მოიგერია, ფერდინანდის ალყა, არამედ თავადვე დაიკავა ბუდა და იგი ოსმალეთის იმპერიის ნაწილად გამოაცხადა.

1543 წელს ოსმალეთის არმიამ ალყა შემოარტყა ჰაბსბურგების ხელში მყოფ უნგრეთის ქალაქ ესტერგომს. ოსმალეთის არმიას მეთაურობდნენ თავად სულთანი სულეიმანი და მისი ვაჟი, შეჰზადე მეჰმედი.[21] ოსმალეთის არმიასთან ერთად იბრძოდა საფრანგეთის არმიაც. ესტერგომის ალყა ამ კონფლიქტის გაგრძელება იყო. ალყა 25 ივლისს დაიწყო. ესტერგომმა ვერ გაუძლო ოსმალეთის კარგად მომზადებული არმიის შეტევებს და 15 დღეში, 10 აგვისტოს დაეცა. ამ წარმატებულმა ალყამ ითამაშა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ ჰაბსბურგები დათანხმდნენ ოსმალეთთან ზავის დადებას, იმ პირობებით, რასაც ოსმალეთის იმპერია სთავაზობდა.[22]

1547 წელს, სულეიმანმა, საღვთო რომის იმპერატორმა, კარლ V-მ და ფერდინანდ I-მა დადეს ადრიანოპოლის დროებითი ხელშეკრულება, რომლითაც კარლმა და ფერდინანდმა აღიარეს ოსმალეთის სრული კონტროლი უნგრეთზე და ამასთან ერთად, იმისთვის, რომ ფერდინადი ჩრდილოეთი და დასავლეთი უნგრეთის მეფედ დარჩენილიყო და განეგრძო მისი კონტროლი, ყოველწლიურად ოსმალეთისათვის უნდა გადაეხადა 30 000 ოქრო ხარკის სახით.

ნიცის ალყა

ესტერგომის ალყის პარალელურად, მიმდინარეობდა ნიცის ალყა, რომელიც 6 აგვისტოს ოსმალეთის ფლოტმა ხაირ ალ-დინ ბარბაროსას მეთაურობით. ნიცა, იმ პერიოდში, კარლ V-ის იმპერიას ეკუთვნოდა. ეს ალყა იყო ოსმალეთ-საფრანგეთის ალიანსის მიერ დაკისრებული მისიის შესრულება. კარლ V-სა და ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის წინააღმდეგ, ოსმალეთის ფლოტთან ერთად, საფრანგეთის ფლოტიც იბრძოდა.[23]

ალყა თავიდანვე მძლავრად დაიწყო. თუმცაღა ნიცის ციხესიმაგრესაც საკმაოდ საიმედოდ იცავდნენ. ესტერგომის დაცემის შემდეგ, ნიცაზე შეტევები უფრო მეტად გაძლიერდა.[24] ოსმალეთისა და საფრანგეთის ფლოტის უპირატესობა საგრძნობლად გამოიკვეთა და 22 აგვისტოს, ნიცა საბოლოოდ დაეცა და ოსმალების ხელში გადავიდა. კიდევ ერთხელ დამარცხდა საღვთო რომის იმპერატორი.[25]

მალტის ალყა

1565 წელს, ოსმალეთის ფლოტმა ალყა შემოარტყა ხმელთაშუა ზღვის კუნძულ მალტას. ამ დროს, ოსმალეთის ფლოტის ცნობილი მეთაური, ხაირ ალ-დინ ბარბაროსა უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. კუნძულ მალტის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოსმალეთისათვის, რათა საკუთარი პოზიციები ხმელთაშუა ზღვაზე კიდევ უფრო მეტად განემტკიცებინა.[26]

ოსმალეთის ფლოტი მალტაზე 1565 წლის 18 მაისს ჩავიდა. მანამ, სანამ ოსმალები მალტაზე ჩავიდოდნენ, მოსახლეობამ აიღო მოსავალი მათ შორის ჯერ კიდევ დაუმწიფებელი მოსავალი. ოსმალეთის ფლოტი ბევრად აღემატებოდა მალტის ფლოტს.[27] მალტის ფლოტის უდიდესი ნაწილი ესპანეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ალყა 19 მაისს დაიწყო. ძალიან უიმედო მდგომარეობა იყო ქრისტიანთათვის, რადგან ოსმალეთის მეომართა რაოდენობა 22 000-დან 48 000-მდე მერყეობდა, ხოლო მალტას მხოლოდ 6 100-8 500 ადამიანი იცავდა.[28] მალტის ალყა სამი თვის განმავლობაში უშედეგოდ გრძელდებოდა, თუმცა ოსმალები მაინც არ ხსნიდნენ ალყას და ჰქონდათ იმედი, რომ კუნძულს აიღებდნენ. მაგრამ ნელ-ნელა ალყის გაგრძელება შეუძლებელი ხდებოდა და 11 სექტემბერს ოსმალებმა ალყა მოხსნეს. ქრისტიანული სამყაროსთვის ეს ძალიან დიდი გამარჯვება იყო. ოსმალეთის მოულოდნელი მარცხით გაოგნებული დარჩა თითქმის მთელი მსოფლიო და მათ შორის თავად სულთან სულეიმანიც, რომელიც უშედეგო ალყის შემდეგ ძალიან განრისხდა.[29]

სულეიმანმა ევროპაზე მოპოვებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი.[30] შაჰმა თამაზ I-მა, მოკლა სულეიმანის ერთგული ბაღდადის მმართველი და მის ადგილზე თავისი ერთგული ადამიანი დანიშნა. სწორედ ამის გამო, 1533 წელს სულეიმანმა იბრაჰიმ-ფაშას დაავალა გამგზავრებულიყო ირანში სალაშქროდ. იბრაჰიმმა დაიპყრო ვანი, არჭეში, ოლთისი, ყარსი, ერზურუმი და ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილი. შაჰ თამაზი დაარწმუნეს, რომ ოსმალთათვის ზავი შეეთავაზებინა, მაგრამ სულეიმანმა ზავზე მტკიცე უარი განაცხადა და ბრძოლა განაგრძო. 1535 წელს, სულეიმანმა და იბრაჰიმ-ფაშამ მოძებნეს გზა შესულიყვნენ ბაღდადში. ამ გეგმამ გაამართლა და ბაღდადის მმართველი ტყვედ ჩავარდა, ხოლო ბაღდადი ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა.

სულეიმანი ნახიჩევანში, 1554 წლის ზაფხული, ირანში მესამე ლაშქრობის დროს
ელქას მირზა სულეიმანთან ერთად

1547 წელს, შაჰ-თამაზ I-ის ძმამ, ელქას მირზამ თავშესაფარი სთხოვა სულთან სულეიმანს. მას ძმის ადგილის დაკავება სურდა და ამაში ოსმალეთის სულთნის დახმარება სჭირდებოდა. 1548 წელს სულეიმანი თავის არმიასთან ერთად კიდევ ერთხელ გაემგზავრა თამაზ I-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოსმალებმა თავიდან დაიკავეს ირანის დედაქალაქი თავრიზი და ისპაანი. ამის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები, ბასრა, ქირქუქი და შეჰრიზორი. ამას გარდა, ვანი. თუმცა, მათ მაინც ვერ მოახერხეს ტახტიდან ჩამოეგდოთ თამაზ I და მის ნაცვლად ელქას მირზა აეყვანათ.

ოსმალეთის არმიამ ალყა შემოარტყა შაჰ-თამაზის ხელში მყოფ ქალაქ ვანს. ოსმალეთის არმიას სათავეში ედგა თავად სულეიმანი, მისი ვაჟები, მუსტაფა და ბაიაზიდი და ელაქას მირზა. ალყა დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა. ოსმალეთის არმია აღემატებოდა შაჰ-თამაზის არმიას. ქალაქი ვანი 25 აგვისტოს დაეცა და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.[31]

1553 წელს სულეიმანი მესამე და უკანასკნელად გაემგზავრა ირანში სალაშქროდ. თუმცა, ლაშქრობაში გამგზავრების დროს, როცა არმია კონიაში იყო გაჩერებული, მისი ბრძანებით, მისი უფროსი შვილი, შეჰზადე მუსტაფა სიკვდილით დასაჯეს. ამასთან ერთად, სულეიმანის უმცროსმა შვილმა, შეჰზადე ჯიჰანგირმა ძმის სიკვდილით დასჯის გამო შიმშილობა გამოაცხადა და ალეპოში გარდაიცვალა. სულეიმანმა ორი შვილის სიკვდილის გამო ლაშქრობაზე კონცენტრაცია ვეღარ მოახერხა. ოსმალებმა ააოხრეს ჩრდილოეთი სომხეთი, დაიკავეს ერზურუმი, მაგრამ ამ ლაშქრობით ბევრი ვერაფერი მოიგეს. 1554 წელს, თამაზ I-ის სწორი სტრატეგიის შედეგად, ოსმალეთის არმია ჩიხში მოექცა და სულეიმანი იძულებული გახდა, რომ ზავის დადებაზე თანხმობა განეცხადებინა.

უშედეგო მესამე ლაშქრობის შემდეგ, 1555 წლის 29 მაისს, ქალაქ ამასიაში, სულეიმანმა და თამაზ I-მა დადეს ამასიის ზავი, რომლის შედეგადაც დასრულდა სულეიმანის მიერ ჯერ კიდევ 1532 წელს დაწყებული ირან-ოსმალეთის 23 წლიანი ომი კავკასიისა და ერაყისთვის.[32] ზავის მიხედვით, ოსმალეთის იმპერიას ერგო მთელი დასავლეთი საქართველო, ხოლო ირანს — აღმოსავლეთი საქართველო. აგრეთვე, ოსმალეთმა მიიღო ერაყი და მისი დედაქალაქი ბაღდადი, რომლის მიღებაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ოსმალეთისთვის. მაგრამ, სეფიანთა მფლობელობაში დარჩა თავრიზი. ამასიის ზავს დიდი ხნის განმავლობაში არ უმოქმედია. 1578 წელს, სულთანმა მურად III-მ ირან-ოსმალეთის ომი თავიდან დაიწყო.[33]

ბრძოლები ჩრდილოეთ აფრიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერთ-ერთი მომენტი ტუნისის ალყიდან

1534 წელს კაპუდან-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ და ოსმალეთის ფლოტმა ალყა შემოარტყა ტუნისის დედაქალაქ ტუნისს. მანამ, სანად ჰიზირ-რეისის ფლოტი დაიწყებდა ქალაქის ალყას, ოსმალეთი ძალიან კარგად მოემზადა ამისთვის. ოსმალეთს ჰყავდა 70 გალერა და ძალიან ბევრი მეომარი. ამიტომ, თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ მათ ეს ქალაქი ვერ აეღოთ.

ტუნისი იმყოფებოდა კარლ V-ის ხელში. ოსმალებმა თავიდანვე მძლავრი იერიშები მიიტანეს ქალაქზე. ძალიან უჭირდა ტუნისს გაძლება და დღითი დღე რთულდებოდა ქალაქის დაცვა. ოსმალები კი ნელ-ნელა ამძლავრებდნენ საკუთარ იერიშებს და უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ქალაქის აღებას. 1534 წლის 16 აგვისტოს ტუნისი დაეცა და ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.[16] ტუნისი საკმაოდ ცოტა ხნის განმავლობაში დარჩა ოსმალეთის შემადგენლობაში, რადგან 1535 წელს კარლ V-მ ქალაქი გაათავისუფლა ოსმალებისგან და თავიდან დაიპყრო.[24]

ტრიპოლის ალყა

1547 წელს დადებული ადრიანოპოლის დროებითი ხელშეკრულებიდან 4 წლის შემდეგ, ოსმალებმა ალყა შემოარტყეს კარლ V-ის ხელში მყოფ ქალაქ ტრიპოლის.[34] ოსმალეთს სათავეში ედგა სინან-ფაშა. ოსმალეთ-საფრანგეთის ალიანსის მიერ დაკისრებული მოვალეობით, ოსმალეთის არმიას შეუერთდა საფრანგეთის ელჩის არმია.

მოწინააღმდგეთა არმიის სათავეში იდგა კარლ V-ის მიერ დანიშნული გასპარ დე ვალიერი. ოსმალებმა ალყა 1551 წლის 9 აგვისტოს დაიწყეს. ალყის დაწყებამდე ჩანდა, რომ ქალაქის აღებას ერთ კვირაზე მეტი არ დასჭირდებოდა და ამას კარლ V-ც ხედავდა, თუმცა ის ქალაქის დაბრუნებას იმავე გზით აპირებდა, როგორც ტუნისი დაიბრუნა. ამიტომ ძალზე არ აღშფოთებულა. ოსმალეთისა და საფრანგეთის გაერთიანებულმა არმიამ ქალაქი ალყის დაწყებიდან 6 დღეში, 15 აგვისტოს აიღო. 16 აგვისტო ქალაქი უკვე ოფიციალურად შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

1556 წელს, სულეიმანის ბრძანებით, ოსმალეთის არმიამ ალყა შემოარტყა ალჟირის ქალაქ ორანს, რომელიც ეკუთვნოდა იმპერატორ კარლ V-ს. ოსმალეთის იმპერიის არმიასთან ერთად კვლავ იბრძოდა საფრანგეთის არმია.

ოსმალები ძალიან ცდილობდნენ ამ ქალაქის აღებას, თუმცა ჰქონდათ ძალიან დიდი დანაკლისი და თანაც ახლოსაც კი არ იყვნენ ქალაქის აღებასთან. 1556 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ოსმალეთის არმიას დაკარგული ჰყავდა 40-მდე გალერა. ზარალი უფრო და უფრო იზრდებოდა, თუმცა ქალაქს აღებას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ალყის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ოსმალებმა იგი მოხსნეს.

ორანის მე-2 ალყა

სულეიმანისთვის ორანის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ერთი დამარცხების გამო ფარ-ხმალი არ დაუყრია. 1563 წელს ოსმალეთისა და საფრანგეთის არმიამ კიდევ ერთხელ შემოარტყა ალყა ალჟირის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს. ოსმალებს ჰყავდათ 100 000 მეომარი, ხოლო ორანს მხოლოდ 1 500 მეომარი იცავდა. აგრეთვე, ოსმალებსა და ფრანგებს ჰყავდათ 30 გალერა.[35]

ალყა 1563 წლის აპრილში დაიწყო. აშკარად ჩანდა, რომ ოსმალეთისა და საფრანგეთის არმია რამდენიმეჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე წინა ალყის დროს, ამიტომ მათი შეტევები ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მძლავრი იყო და უფრო მეტად უჭირდა კარლ V-ის არმიას მათი გაძლება, თუმცა ესპანეთის იმპერიის არმია მაინც უძლებდა ამ შემოტევებს.[36] ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა ალყა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, ოსმალებმა ივნისში ალყა მოხსნეს და ამ შემთხვევის შემდეგ აღარც ჰქონიათ ორანის აღების მცდელობა.[37]

კამპანიები ინდოეთის ოკეანეში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოსმალეთის გემები ინდოეთის ოკეანეში

ოსმალეთის გემები ჯერ კიდევ 1518 წლიდან აკონტროლებდნენ ინდოეთის ოკეანის მნიშვნელოვან ნაწილს. სულეიმანმა რამდენიმე კამპანიას უხელმძღვანელა პორტუგალიის წინააღმდეგ. ოსმალეთის ფლოტის მიზანი იყო, რომ კვლავ აღედგინა სავაჭრო ხელშეკრულება ინდოეთთან.

1538 წელს, სულეიმანის ბრძანებით, ოსმალეთის ფლოტმა სცადა გაეძარცვა პორტუგალიური გემები პაკისტანისა და ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე. ამ მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, თუმცა ადენში დაბრუნების შემდეგ ოსმალეთმა კონტროლი დაამყარა სრულიად იემენზე.[38] ამავე წლის სექტემბერში ოსმალეთმა ალყა შემოარტყა ინდოეთის ქალაქ დიუს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ გამარჯვება ვერ მოიპოვეს.[39]

ოკეანეში პირველი კამპანია ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა. კამპანიის შემდეგ, პორტუგალიამ მალევე დაიწყო მოქმედებები. პორტუგალიის გემებმა დაიკავეს ადენი და ალყა შემოარტყეს ჯიდას. მათ მიზანს წითელ ზღვაში შეღწევა წარმოადგენდა. 1548 წელს ოსმალეთის ფლოტმა ფირი-რეისის მეთაურობით მეორე კამპანია წამოიწყო. ფლოტმა 1549 წელს ადენი დაიბრუნა, რითაც წითელი ზღვის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო. 1552 წელს ფირი-რეისმა განაგრძო კამპანია. მისი მიზანი იყო სპარსეთის ყურეში შეღწევა. ფლოტმა გზად დაიკავა ქალაქი მასკატი, ჰქონდა ჰორმუზის აღების მცდელობაც, მაგრამ უშედეგოდ. დაპყრობილ იქნა ბაჰრეინის კუნძული, ყატარი. ფლოტი უკვე უახლოვდებოდა პორტუგალიის ფლოტს, მაგრამ ბასრაში ფირი-რეისმა უკან დახევა დაიწყო. იგი სუეცში მხოლოდ ორი გალერით დაბრუნდა.

წითელ ზღვაზე დამყარებული მკაცრი კონტროლის შედეგად, ოსმალეთმა მოახერხა ეკონტროლებინა ინდოეთის სავაჭრო მარშრუტები.[40] ინდოეთის ოკეანეზე კონტროლის გამყარებამ კი ოსმალეთს საშუალება მისცა 1552 წელს ალყა შემოერტყა ომანის დედაქალაქ მასკატისთვის. ეს ალყა წარმატებულად დასრულდა და ომანის დედაქალაქიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

თავისი ქმედებების გამო, ფირი-რეისი სიკვდილით დაისაჯა. ამის შემდეგ კაპუდან-ფაშა მურად-რეისი გახდა. მასაც იგივე მიზანი ჰქონდა, რაც მის წინამორბედს — სურდა, სპარსეთის ყურეში შეეღწია. პორტუგალიისა და ოსმალეთის ფლოტები ერთმანეთს გაშლილ ზღვაში შეხვდნენ. პორტუგალიელებს კარგად ჰყავდათ მომზადებული ფლოტი ამ ბრძოლისთვის. მურად-რეისმა მაინც მოახერხა ჩაეძირა მოწინააღმდეგის ფლოტის გალერები და ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ქარის მიმართულების ცვლილების გამო, იძულებული შეიქნა ბასრაში დაბრუნებულიყო.[41]

1557 წელს ქვეყნებს შორის კონფლიქტი დასრულდა. სრული გამარჯვება არც ერთ მხარეს არ მოუპოვებია.

1558 წელს კვლავ განახლდა კონფლიქტი პორტუგალიასა და ოსმალეთს შორის. სულეიმანის მითითებით, ოსმალეთის ფლოტმა კიდევ ერთხელ შეუტია პორტუგალიის ფლოტს. პორტუგალია აძლიერებდა კონტროლს ინდოეთის ოკეანეში, რაც საფრთხეს უქმნიდა ოსმალეთის სავაჭრო მონოპოლიას. სწორედ ამიტომ, ოსმალებმა გაძარცვეს პორტუგალიის გემები ოკეანეში, აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში. ეს კონფლიქტი რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა და სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ, 1566 წლის შემოდგომაზე დასრულდა, თუმცა არც ერთი ქვეყნისთვის მას არანაირი სიკეთე არ მოუტანია.

ოსმალეთ-საფრანგეთის ალიანსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფრანსუა I-ისა და სულეიმანის შეხვედრა 1530 წელს

1536 წელს, სულეიმანმა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ხელი მოაწერეს ოსმალეთ-საფრანგეთის ალიანსს. მათ ჰქონდათ ერთი და იგივე ინტერესები. ორივეს სურდა დაესუსტებინა კარლ V. ოსმალეთის დაპყრობებით აღშფოთებულმა ქრისტიანულმა სამყარომ მზადება დაიწყო ოსმალეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობისთვის და საფრანგეთმა დახმარება შესთავაზა ოსმალეთს.[42] ამ ალიანსით, საფრანგეთს ევალებოდა, რომ ხელი შეეშალა ამ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობისთვის და უარი ეთქვა დახმარებაზე ქრისტიანული სამყაროსთვის, ხოლო ოსმალეთს ევალებოდა, რომ დახმარებოდა საფრანგეთს ჰაბსბურგების წინააღმდეგ ბრძოლაში. ოსმალეთი პირნათლად ასრულებდა თავის ვალდებულებას. 1543 წელს დაწყებული ქალაქ ნიცის ალყაც სწორედ ამ ალიანსის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულება იყო. ოსმელეთ-საფრანგეთის ალიანსმა სულთან სულეიმანისა და ფრანსუა I-ის გარდაცვალების შემდეგაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედა. ალიანსი მოქმედებდა ლუდოვიკო XIV-ის მმართველობის პერიოდშიც.[43]

უკანასკნელი ლაშქრობა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სულეიმანიეს მეჩეთი
სიგეტვარის ალყა

1566 წელს, ოსმალეთის არმია უნგრეთში მიემგზავრებოდა სიგეტვარის ციხის ასაღებად. სულთანმა სულეიმანმა არმიის მეთაურად მაშინდელი დიდი ვეზირი, სოკოლუ მეჰმედ-ფაშა დანიშნა, რადგან თავად უკვე ძალიან დაბერებულიყო და აღარ შეეძლო, რომ არმიას სათავეში ჩასდგომოდა, თუმცა, ცოტა ხანში მან გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ თავად ჩაუდგა არმიას სათავეში. ექიმებმა უთხრეს სულთანს, რომ თუ ის არმიას ლაშქრობაში გაჰყვებოდა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა, თუმცა მან გადაწყვეტილება არ შეცვალა და არმიას ლაშქრობაში გაჰყვა. სულეიმანის ბრძანებით, მალევე დაიწყო სიგეტვარის ალყა, თუმცა, ყველა კარგად ხედავდა, რომ სულეიმანი თავს კარგად არ გრძნობდა და დაავადება ძალიან აწუხებდა. სოკოლუ მეჰმედ-ფაშამ მას დედაქალაქში დაბრუნება შესთავაზა, თუმცა სულეიმანმა მეჰმედ-ფაშას ამაზე მტკიცე უარი განუცხადა და უთხრა, რომ სანამ სიგეტვარის ციხეს არ აიღებდნენ, დედაქალაქში არ დაბრუნდებოდა. 7 სექტემბერს, როცა ოსმალეთის არმია მაქსიმალურად ცდილობდა აეღო სიგეტვარის ციხე, სულთან სულეიმანი, 46 წლიანი მმართველობის შემდეგ, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეორე დღეს სიგეტვარი ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. სულეიმაის მემკვიდრეს, სელიმს, კონიაში შიკრიკი გაუგზავნეს და სასწრაფოდ აცნობეს მამის გარდაცვალების ამბავი. სელიმის კორონაცია ჩატარდა მანამ, სანამ ოსმალეთის არმია უკან დაბრუნდებოდა.

სულეიმანის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სახელგანთქმულმა არქიტექტორმა, მაიმარ სინანმა, თავად სულეიმანის ბრძანებით, ააშენა სულეიმანის სახელობის მეჩეთი (სულეიმანიეს მეჩეთი), რომელიც დღემდე მდებარეობს სტამბოლში.[44][45] სულეიმანიეს მეჩეთი არის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა თურქეთის უდიდეს ქალაქში.[46] გარდაცვალების შემდეგ, სულთან სულეიმანი სწორედ მისი სახელობის მეჩეთში დაკრძალეს.

რეფორმები და კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სულეიმანის თუღრა

გარდა იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიამ სულეიმანის მმართველობის პერიოდში მრავალი ტერიტორია დაიპყრო, ოსმალეთი ასევე გაძლიერდა ეკონომიკურად და კულტურულად. კანონების (კანუნნამე) საშუალებით, რომლებიც სულეიმანმა შეიმუშავა, მნიშვნელოვნად დაჩქარდა იმპერიის განვითარება. გზა გაეხსნა დასავლურ კულტურას.[47] მისი მმართველობის პერიოდში გაიხსნა უამრავი სკოლა და ხელოვანებს მიეცათ მეტი თავისუფლება, შეექმნათ პირობები, რათა კარგად ეკეთებენიათ ის საქმე, რაც სიამოვნებას ანიჭებდათ და ამისთვის მიეღოთ შესაბამისი ანაზღაურება. აგრეთვე, მან გახსნა სკოლა, სადაც ნიჭიერ ხელოვანებს შეეძლოთ მიეღოთ განათლება და განვითარებულიყვნენ. სულეიმანის ბრძანებით, სტამბოლში უამრავი მეჩეთი, სასახლე და ციხესიმაგრე აშენდა.[48] იმ დროისთვის, ძალიან ცნობილი არქიტექტორი იყო სინანი. მის მიერ დაპროექტებული ნაგებობები, დღემდე მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მათ შორისაა შეჰზადესა და სულეიმანიეს მეჩეთები.

სულეიმანის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთში გაიხსნა სკოლები და უბრალო ოჯახის შვილებს საშუალება მიეცათ, რომ მიეღოთ განათლება. სულეიმანმა ყველანაირი წოდების ადამიანებს ერთნაირი პირობები შეუქმნა. მის დროს ვაჭრებს მიეცათ მეტი თავისუფლება და შეუმცირდათ ბეგარა. როგორც ცნობილია, სულეიმანი ყოველ კვირას გადაცმული დადიოდა ბაზარში და ვაჭრების პრობლემებს ისმენდა, ყიდულობდა მათ პროდუქტს და იგებდა, რამდენად ხარისხიანი იყო იგი. ის გულუხვად ასაჩუქრებდა იანიჩარებსა და მათ მეთაურებს ყოველი წარმატებული ლაშქრობის შემდეგ. მან ძალიან შეაყვარა თავი ხალხს და გარდაცვალების შემდეგ მას უწოდეს „კანონმდებელი“ (Kanuni) და „დიდებული“ (Muhteşem). სულეიმანის მმართველობის პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ყოველმხრივ ოქროს ხანად არის მიჩნეული.

სულთან სულეიმანის უახლოესი პირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აიშე ჰაფსა სულთნის მიერ აშენებული ფსიქიატრიული საავადმყოფო. მანისა

აიშე ჰაფსა სულთანი იყო სულთან სულეიმანის დედა. ჰაფსა სულთანი იყო სულეიმანის მამის, სულთან სელიმ I-ის მეუღლე და ყირიმის ხანის, მენლი I-ის ქალიშვილი. მას და სულთან სელიმს ეყოლათ 8 შვილი. 4 ვაჟი და 4 ქალიშვილი. სამი ვაჟი მათ მალევე გარდაეცვალათ. აიშე ჰაფსა სულთანი მანისაში ცხოვრობდა სულეიმანთან ერთად 1520 წლამდე. სწორედ იგი ახშობდა მაჰიდევრან სულთანსა და ჰიურემ სულთანს შორის არსებულ დავას, რომელიც ორ ქალს შორის სულეიმანის მმართველობის პირველ წლებში მიმდინარეობდა. აიშე ჰაფსა სულთანი იყო სულეიმანის შემდეგ მეორე პირი ოსმალეთის იმპერიაში და გარდაცვალებამდე, 1534 წლამდე სულეიმანთან ერთად განაგებდა იმპერიას და იღებდა გადაწყვეტილებებს მის მომავალთან დაკავშირებით. გარდაიცვალა 1534 წელს და დაკრძალულია სელიმ I-ის გვერდით.[49][50][51]

პარგელი იბრაჰიმ-ფაშა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იბრაჰიმ-ფაშას სახლ-მუზეუმი

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, შეჰზადე სულეიმანმა, პარგაში გაიცნო პარგელი იბრაჰიმი (როგორც თავად უწოდებდა).[52][53] როგორც ცნობილია, იბრაჰიმმა იგი მოხიბლა ვიოლინოზე დაკვრით, რაც მას ძალიან კარგად ეხერხებოდა. სულეიმანმა იგი მანისას სასახლეში წაიყვანა და ბაზიერად დანიშნა. ისინი დაახლოებით ერთი ასაკის იყვნენ. ტახტზე ასვლის შემდეგ, 1520 წელს, მან იგი თავის პირად მსახურად გამოაცხადა, ცოტა ხანში ის გახდა სასახლის მთავარი მსახური.[54] იბრაჰიმი იყო ძალიან ჭკვიანი და როგორც ცნობილია, სულეიმანი მის აზრს უფრო ხშირად ეყრდნობოდა ვიდრე საბჭოს წევრებისას. შედეგად, მაღალი თანამდებობის პირების რისხვა იბრაჰიმმა მალევე დაიმსახურა. 1523 წელს სულეიმანმა იბრაჰიმი დიდ ვეზირადაც დანიშნა. დიდი ვეზირი იყო ფადი-შაჰის შემდეგ პირველი პირი ოსმალეთში. ცოტა ხანში, იბრაჰიმი დაქორწინდა სულეიმანის დაზე, ჰატიჯე სულთანზე. იბრაჰიმსა და ჰატიჯეს პირველი შვილი ადრევე გარდაეცვალათ და მის გარდა ეყოლათ შეჰზადე ოსმანი და ჰურიჯიჰან სულთანი. 1535 წელს, ირანში ლაშქრობის დროს, როცა იბრაჰიმი სულეიმანის გარეშე იმყოფებოდა, ბრძანება ახალი სახელით გასცა, რომელშიც ერია სიტყვა სულთანი, რაც სულეიმანმა დიდ შეურაცხყოფად მიიღო და სწორედ ამან განაპირობა 1536 წელს, პარგელი იბრაჰიმ-ფაშას სიკვილით დასჯა, როცა არავინ ელოდა და არავინ იცოდა ამის შესახებ, ღამით, მისსავე საწოლში.

ჰიურემ ჰასეკი სულთანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰიურემ სულთნის აბანო

ტახტზე ასვლის შემდეგ, სულეიმანის ჰარემში მოხვდა ალექსანდრა ლაროსა, რომელიც წარმოშობით იყო ყირიმის სახანოდან და ტახტზე ასვლის აღსანიშნავად, აჩუქეს სულთან სულეიმანს. მან მალევე მოინადირა სულთნის გული და გახდა მისი რჩეული. ალექსანდრას მომავალში ჰიურემი ეწოდა. მათ ეყოლათ 6 შვილი: შეჰზადე მეჰმედი, მიჰრიმაჰ სულთანი, შეჰზადე აბდულა, შეჰზადე სელიმი, შეჰზადე ბაიაზიდი და შეჰზადე ჯიჰანგირი. სულეიმანმა დაარღვია ტრადიცია, რომლითაც ოსმალეთის სულთნებს ცოლის შერთვა ეკრძალებოდათ და ჰიურემი ცოლად შეირთო.[55] მისი დროიდან იწყება ქალთა სულთანატი ოსმალეთის იმპერიაში. ჰიურემი იყო ძალიან ჭკვიანი და როგორც ცნობილია სულეიმანი ხშირად უსმენდა მის რჩევებს იმპერიის მართვასთან დაკავშირებით და ითვალისწინებდა მათ. სავარაუდოდ, სწორედ მას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ შეჰზადე მუსტაფას ბრალი ღალატში დასდეს და სულეიმანის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 1553 წელს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მას ძალიან სურდა სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ერთ-ერთი ვაჟი ასულიყო და მუსტაფა ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა. მუსტაფას წინააღმდეგ შეთმულების მოწყობაში მას დიდი ვეზირი და სიძე რუსტემ-ფაშა დაეხმარა.[56] თუმცა, მუსტაფას სიკვდილით დასჯის გამო საყვარელ ძმაზე დარდით ჰიურემისა და სულეიმანის უმცროსი ვაჟი, შეჰზადე ჯიჰანგირი გარდაიცვალა. 1558 წელს, ჰიურემ სულთანს უცნობი სენი შეეყერა და ამიტომ მისი შველა ვერ მოხერხდა და იგი გარდაიცვალა ამავე 1558 წელს. მისი გარდაცვალება სულთან სულეიმანმა ძალიან განიცადა.[57]

სელიმ II

სულთანი სულეიმანი და მისი შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეჰზადე მუსტაფას სიკვდილით დასჯა
შეჰზადე ბაიაზიდი სულეიმანთან ერთად

მანისაში სულთან სულეიმანს, ფიულანე ხათუნისგან ეყოლა შეჰზადე მაჰმუდი, გიულფემ ხათუნისგან შეეძინა შეჰზადე მურადი, მაჰიდევრან სულთნისგან ეყოლა რაზიე სულთანი, შეჰზადე მუსტაფა, ფატმა სულთანი და შეჰზადე აჰმედი. სულეიმანს იმდენად უყვარდა მაჰიდევრან სულთანი, რომ თავისი ტახტის მემკვიდრედ, თავისივე ტახტზე ასვლამდე, არა შეჰზადე მაჰმუდი, არამედ მუსტაფა გამოაცხადა. 1521 წელს გარდაიცვალნენ შეჰზადე მაჰმუდი და შეჰზადე მურადი[58][59]. სულეიმანს, უკვე ტახტზე ასვლის შემდეგ, ჰიურემ სულთნისგან ეყოლა: შეჰზადე მეჰმედი, მიჰრიმაჰ სულთანი, შეჰზადე აბდულა, შეჰზადე სელიმი, შეჰზადე ბაიაზიდი და შეჰზადე ჯიჰანგირი[60]. შეჰზადე აბდულა დაბადებიდან 3 წელში გარდაიცვალა. ხოლო შეჰზადე ჯიჰანგირს ჰქონდა ნაკლი - კუზი. ამიტომ, ის ვერც სანჯაყ-ბეი იქნებოდა და ვერც ტახტისთვის იბრძოლებდა. 1533 წელს, როგორც უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე შეჰზადე მუსტაფა მანისას მმართველად დაინიშნა. 1541 წელს, სულეიმანმა მანისაში შეჰზადე მეჰმედი გააგზავნა ხოლო მუსტაფა — ამასიაში. რადგან ის ტახტის ყველაზე ღირსეულ მემკვიდრედ მეჰმედს თვლიდა. ამავე 1541 წელს, სულეიმანმა კონიაში გაგზავნა შეჰზადე სელიმი. 1543 წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა მეჰმედი, სავარაუდოდ იგი ყვავილმა იმსხვერპლა. მეჰმედის გარდაცვალების შემდეგ, სულეიმანის ბრძანებით, სტამბოლში მეჰმედის პატივსაცემად ააგეს შეჰზადეს მეჩეთი. მეჩეთი 1543-1548 წლებში შენდებოდა. 1544 წელს სულეიმანმა მეჰმედის ნაცვლად მანისის სანჯაყ-ბეიდ შეჰზადე სელიმი დანიშნა. 1546 წელს მან კონიაში გააგზავნა შეჰზადე ბაიაზიდი.

ჰიურემ სულთანს სურდა, რომ სულეიმანის შემდეგ ტახტზე მისი ერთ-ერთი ვაჟი ასულიყო. სავარაუდოდ, სწორედ მან მოაწყო შეთქმულება შეჰზადე მუსტაფას წინააღმდეგ და ბრალი დასდო მას სულეიმანის ღალატში. სულეიმანმა მუსტაფას სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. 1553 წელს, ირანში ლაშქრობის დროს, როცა მუსტაფა მამასთან შესახვედრად მის კარავში შევიდა, მცველებმა იგი შეიპყრეს და დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ მოკლეს. ძმის სიკვდილის დასჯის გამო შეჰზადე ჯიჰანგირმა შიმშილობა გამოაცხადა და 27 ნოემბერს ალეპოში გარდაიცვალა. სელიმი პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა, ხოლო ბაიაზიდი - მეორე. 1555 წელს, შეჰზადე ბაიაზიდი სულეიმანმა ქუთაჰიაში გააგზავნა. 1558 წელს სულეიმანმა, გადატრიალების შიშით ორივე შვილი დედაქალაქისგან მოშორებით გაგზავნა. სელიმი მანისადან კონიაში გაუშვა, ხოლო ბაიაზიდი - ამასიაში. თავდაპირველად ბაიაზიდი მამის გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, რადგან მანამდე ამასიას შეჰზადე მუსტაფა მართავდა, მაგრამ წლის ბოლოს სულეიმანის დაუყონებლივი ბრძანებით ამასიაში გაემგზავრა. ამავე წელს გარდაიცვალა ჰიურემ სულთანი და სელიმსა და ბაიაზიდს შორის დაპირისპირება უფრო გამძაფრდა. ბაიაზიდმა ძმის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარის შეგროვება დაიწყო. სულეიმანმა დიდი მხარდაჭერა სელიმს გამოუცხადა, რადგან ეგონა ბაიაზიდი ამბოხებას აპირებდა. 1559 წლის 29 მაისს ბაიაზიდის არმია სელიმის არმიას დაუპირისპირდა, რომელშიც სელიმის ჯარის სიმრავლის გამო ბაიაზიდი დამარცხდა. სულეიმანს გადაწყვეტილი ჰქონდა ბაიაზიდის სიკვდილით დასჯა. 7 ივლისს ბაიაზიდმა ამასია 4 ვაჟთან ერთად დატოვა. ხოლო ქალიშვილები და მცირეწლოვანი ვაჟი შეჰზადე მურადი ამასიაში დატოვა. ზაფხულის ბოლოს ბაიაზიდი იძულებული გახდა სპარსეთის შაჰისთვის, თამაზისთვის ეთხოვა დახმარება და თავი მისი სასახლისთვის შეეფარებინა. როცა სულეიმანმა ეს შეიტყო, შაჰთან ელჩობა გააგზავნა, რათა დაეყოლიებინათ თამაზი ბაიაზიდის სიკვდილით დასჯაზე. 1561 წელს შაჰმა ბაიაზიდი შვილებთან ერთად სულეიმანს გადასცა. მისი ყველა მხარდმჭერი ჩამწკრივებულები დახოცეს. ბაიაზიდის მცირეწლოვანი შვილი მურადი სიკვდილით ბურსაში დასაჯეს. ბაიაზიდი 4 შვილთან ერთად სიკვდილით სივასში დასაჯეს. 1566 წელს სულთან სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე შეჰზადე სელიმი ავიდა.

სავარაუდოდ, სულეიმანი თავიდანვე სელიმს მხარდაჭერას იმიტომ უცხადებდა, რომ იგი მის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა, თუნდაც იგი უსამართლო ყოფილიყო. ხოლო მუსტაფა და ბაიაზიდი უსამართლოდ მიღებული ბრძანების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, რაც სულეიმანს არ მოსწონდა. მისი სურვილი იყო, რომ ვაჟებს წინააღმდეგობა არ გაეწიათ მისთვის არცერთ შემთხვევაში და ასეთი სელიმი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამით დაიმსახურა ოსმალეთის მომავალმა სულთანმა სულეიმანის მხარდაჭერა.

მისი ბრძოლის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოსმალეთი სულეიმანის გარდაცვალების წელს

სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის იმპერია იყო ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია მთელ მსოფლიოში. სულეიმანმა საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია ძირითადი მუსლიმანური ქალაქები: მექა, დამასკო, კაირო, მედინა, იერუსალიმი და ბაღდადი. მიაღწია ბალკანეთის პროვინციის დღევანდელ ხორვატიასა და ავსტრიამდე. ასევე, სულეიმანს ჰქონდა რომის აღების მცდელობაც. სულეიმანმა დაიპყრო ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი. მისმა ექსპანსიამ საშუალება მისცა ოსმალეთს ყოფილიყო უძლიერესი ევროპაში. სულეიმანმა მრავალჯერ დაამარცხა ქრისტიანული სამყაროს გაერთიანებული ძალები და აგრეთვე, დაასრულა ირან-ოსმალეთის 1532-1555 წლების ომი ოსმალეთისთვის სასარგებლო ზავით. მისი მმართველობის პერიოდში წარმოიქმნა ოსმალეთისგან ცენტრალური ევროპის სრული დაპყრობის საფრთხე, რაზეც ავსტრიის ელჩმა, ბუსბექმა, ევროპა გააფრთხილა. მაგრამ ოსმალეთმა მაინც ვერ მოახერხა მსოფლიოზე ბატონობის დამყარება, რადგან მომავალი სულთნები, სელიმ II, მურად III, მეჰმედ III და ა. შ. არ ჰგავდნენ თავიანთ წინაპრებს, რის შედეგადაც, სულეიმანის გარდაცვალებიდან, დაახლოებით, 30 წელში ოსმალეთის იმპერიის რეგრესი დაიწყო, რაც სამ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ მისი რუკიდან გაქრობით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ოსმალეთის პორტა
  2. Reston, James Jr., Defenders of the Faith: Charles V, Suleyman the Magnificent, and the Battle for Europe, 1520-36 (New York: Penguin, 2009).
  3. Smith, Robert Doulgas and DeVries, Kelly (2011), Rhodes Besieged. A new history, Stroud: The History Press, ISBN 978-0-7524-6178-6
  4. Weir, William, 50 Battles That Changed the World: The Conflicts That Most Influenced the Course of History, The Career Press, 2001. pp. 161-9. ISBN 1-56414-491-7
  5. Palffy, Geza. The Kingdom of Hungary and the Habsburg Monarchy in the Sixteenth Century (East European Monographs, distributed by Columbia University Press, 2010) 406 pages; Covers the period after the battle of Mohacs in 1526 when the Kingdom of Hungary was partitioned in three, with one segment going to the Habsburgs.
  6. Stavrianos, L.S. Balkans Since 1453, C. Hurst & Co. Publishers, 2000.
  7. Minahan, James B. One Europe, many nations: a historical dictionary of European national groups, Greenwood Press, 2000.
  8. Nicolle, David, Hungary and the fall of Eastern Europe, 1000-1568, Osprey Publishing, 1988.
  9. Turnbull, Stephen (2003). The Ottoman Empire 1326 – 1699. New York: Osprey Publishing, გვ. 50. 
  10. Ottoman Hungary 1541-1699
  11. Kann, Robert Adolf, A History of the Habsburg Empire: 1526–1918, University of California Press, 1980, ISBN 0-520-04206-9
  12. Keegan, John, and Andrew Wheatcroft, Who's Who in Military History: From 1453 to the Present Day, Routledge (UK), 1996, ISBN 0-415-12722-X
  13. Lyber, Albert Howe, The Government of the Ottoman Empire in the Time of Suleiman the Magnificent, Harvard University Press, 1913
  14. Riley-Smith, Jonathan, The Oxford History of the Crusades, Oxford University Press, ISBN 0-19-280312-3
  15. Sicker, Martin, The Islamic World in Decline: from the Treaty of Karlowitz to the Disintegration of the Ottoman Empire, Praeger/Greenwood, 2000, ISBN 0-275-96891-X
  16. 16.0 16.1 Garnier, Edith L'Alliance Impie Editions du Felin, 2008, Paris ISBN 978-2-86645-678-8 Interview დაარქივებული 2009-08-18 საიტზე Wayback Machine.
  17. Cronaca dei Tocco di Cefalonia; prolegomeni, testo critico e traduzione, by Giuseppe Schirò, Corpus fontium historiae Byzantinae 10. (Rome: Accademia nazionale dei Lincei, 1975). in Italian.
  18. John van Antwerp Fine, The Late Medieval Balkans: A critical survey from the late Twelfth Century to the Ottoman conquest, University of Michigan Press, 704 pages, (1994), ISBN 978-0-472-08260-5
  19. Wolf, John B., The Barbary Coast: Algeria under the Turks, W. W. Norton, 1979. ISBN 0-393-01205-0
  20. Cook, M.A. (ed.), A History of the Ottoman Empire to 1730, Cambridge University Press, 1976. ISBN 0-521-20891-2
  21. 1543 - Siege of Esztergom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  22. Siege of Esztergom (1543)[მკვდარი ბმული]
  23. Peter Malcolm Holt, Ann K. S. Lambton, Bernard Lewis The Cambridge History of Islam Cambridge University Press, 1977 ISBN 0-521-29135-6
  24. 24.0 24.1 Roger Crowley, Empire of the sea, 2008 Faber & Faber ISBN 978-0-571-23231-4
  25. Baghdiantz McAbe, Ina 2008 Orientalism in Early Modern France, ISBN 978-1-84520-374-0, Berg Publishing, Oxford
  26. Bradford, Ernle, The Sultan's Admiral: The Life of Barbarossa, London, 1968
  27. Pickles, Tim. Malta 1565: Last Battle of the Crusades; Osprey Campaign Series #50, Osprey Publishing, 1998.
  28. Currey, E. Hamilton, Sea-Wolves of the Mediterranean, London, 1910
  29. Rothman, Tony, "The Great Siege of Malta," in History Today, Jan. 2007.
  30. Ottoman-Safavid War (1532-55)[მკვდარი ბმული]
  31. Siege of van (1548)
  32. Treaty of Amasya
  33. * Shaw, Stanford J. (1976), History of the Ottoman Empire and modern Turkey, Volume 1. Cambridge University Press, ISBN 0-521-29163-1
  34. Cervantes in Algiers: a captive's tale by María Antonia Garcés p. 25 [1]
  35. Fernández Duro, Cesáreo (1895). Armada Española desde la unión de los reinos de Castilla y Aragón (es). Madrid, Spain: Est. tipográfico "Sucesores de Rivadeneyra". 
  36. Sánchez Doncel, Gregorio (1991). Presencia de España en Orán (1509-1792) (es). Toledo, Spain: I.T. San Ildefonso. ISBN 978-84-600-7614-8. 
  37. San Miguel (duque de), Evaristo (1991). Historia de Felipe II, rey de España (es). Barcelona, Spain: Salvador Manero. 
  38. The history of Aden, 1839–72 by Zaka Hanna Kour p.2
  39. An economic and social history of the Ottoman Empire by Halil İnalcik p.326 [2]
  40. History of the Ottoman Empire and modern Turkey by Ezel Kural Shaw p.107 [3]
  41. Giancarlo Casale: The Ottoman age of Exploration, Oxford University Press, 2010 ISBN 978-0-19-537782-8, p. 99.
  42. Roger Bigelow Merriman Suleiman the Magnificent 1520—1566 READ BOOKS, 2007 ISBN 1406772720
  43. Kenneth M. Setton The Papacy and the Levant (1204—1571) DIANE Publishing, 1984 ISBN 0871691620
  44. The Encyclopædia Britannica, Vol.7, Edited by Hugh Chisholm, (1911), 3; Constantinople, the capital of the Turkish Empire...
  45. Britannica, Istanbul დაარქივებული 2007-12-18 საიტზე Wayback Machine. :When the Republic of Turkey was founded in 1923, the capital was moved to Ankara, and Constantinople was officially renamed Istanbul in 1930.
  46. Suleymaniye Mosque, Istanbul
  47. Atıl, The Golden Age of Ottoman Art დაარქივებული 2011-06-09 საიტზე Wayback Machine. , 24–33.
  48. Russell, The Age of Sultan Suleyman.
  49. Wander Stories (30 Dec 2013). Istanbul Tour Guide Top 10: a travel guide and tour as with the best local guide. WanderStories. ISBN 978-9-949-51624-7. „Hafsa Sultan was most likely the daughter of Mengli Giray“ 
  50. Reşat Kasaba (1 Dec 2009). A moveable empire: Ottoman nomads, migrants, and refugees. University of Washington Press, გვ. 44. ISBN 978-0-295-80149-0. „Hafsa Sultan, the daughter of the Crimean ruler Mengli Giray Khan.“ 
  51. Peter G. Bietenholz, Thomas Brian Deutscher (2003). Contemporaries of Erasmus: A Biographical Register of the Renaissance and Reformation, Volumes 1-3. University of Toronto Press, გვ. 298. ISBN 978-0-802-08577-1. „Suleiman i (Solymannus), known in the West as Suleiman the Magnificent, was the son of *Selim i and Hafsa Sultan, the daughter of Mengli Giray“ 
  52. Margaret Rich Greer, Walter Mignolo, Maureen Quilligan. Rereading the Black Legend: the discourses of religious and racial difference in the Renaissance empires., University of Chicago Press, 2007. ISBN 978-0-226-30722-0, p. 41: "Ibrahim Pasha, his intimate and grand vezir, a Greek from Parga in Epirus"
  53. Willem Frederik Bakker.Studia Byzantina et Neohellenica Neerlandica. BRILL, 1972. ISBN 978-90-04-03552-2 ,p. 312
  54. Mansel, 87.
  55. Thomas M. Prymak, "Roxolana: Wife of Suleiman the Magnificent," Nashe zhyttia/Our Life, LII, 10 (New York, 1995), 15–20. An illustrated popular-style article in English with a bibliography.
  56. Zygmunt Abrahamowicz, "Roksolana," Polski Slownik Biograficzny, vo. XXXI (Wroclaw-etc., 1988–89), 543–5. A well-informed article in Polish by a distinguished Polish Turkologist.
  57. Galina Yermolenko, "Roxolana: The Greatest Empresse of the East," The Muslim World, 95, 2 (2005), 231–48. Makes good use of European, especially Italian, sources and is familiar with the literature in Ukrainian and Polish.
  58. Sir H. A. R. Gibb. The Encyclopaedia of Islam. — Brill Archive, 1979. — Т. 5, части 79-80. — С. 66.
  59. Yılmaz Öztuna. Kanûnı̂ Sultan Süleyman. — Kültür Bakanlığı, 1989. — С. 9, 11. — P. 163. — ISBN 9751703743
  60. Leslie P. Peirce. The imperial harem: women and sovereignty in the Ottoman Empir. — Oxford University Press, 1993. — С. 59. — ISBN 0195086775
წინამორბედი:
სელიმ I
ოსმალეთის იმპერიის სულთანი
30 სექტემბერი, 15207 სექტემბერი, 1566
შემდეგი:
სელიმ II
წინამორბედი:
სელიმ I
ხალიფა
30 სექტემბერი, 15207 სექტემბერი, 1566
შემდეგი:
სელიმ II
  翻译: