შინაარსზე გადასვლა

ტუნდრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუნდრა
ტუნდრის გავრცელების რუკა

ტუნდრა (< ფინ. tunturi – უტყეო, მოშიშვლებული მაღლობი) — მცენარეულობის ტიპი, რომელიც დამახასიათებელია არქტიკული ოლქისათვის. ჩრდილოეთით ესაზღვრება არქტიკული უდაბნოები, სამხრეთით — ტყეები.

ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და მარადი მზრალობის პირობებში, სუსტად განვითარებულ ნიადაგზე.

სკანდინავიის, ურალის, ციმბირის, ალასკის, ჩრდილოეთ კანადის მთებში ე.წ. მთის ტუნდრა გვხვდება. ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები (კორდიანი, ფესურიანი, ბალიშა და ნახევრად ბალიშა, როზეტისებრი და ნახევრად როზეტისებრი მცენარეები), ფოთოლმცვივანი ქონდარა ბუჩქები — ქამეფიტები (Salix polaris და სხვ.), მარადმწვანე ქონდარა ბუჩქები (Empetrum hermaphroditum, Ledum decumbens და სხვ.), ფოთოლმცვივანი ტანმორჩილი ბუჩქები — ნანოფანეროფიტები (Betula nana, B. exilis, Salix lanata); თითო-ოროლა გვხვდება ერთწლოვანები (Koenigia islandica და სხვა) და ბოლქვიანი გეოფიტები (Liolidia serotina და სხვა). ტუნდრისთვის ნიშანდობლივია პოლიდომინანტურობა და მოზაიკური სტრუქტურა.

ტუნდრის ზონის დიდი ნაწილი უჭირავს ჩრდილოურ და სამხრეთულ სუბარქტიკულ ტუნდრას, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთით იცვლება არქტიკული ტუნდრით; აქ ბუჩქნარი სრულიად არ არის. რუსეთის ევროპული ნაწილის აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირში სამხრეთული ტუდრისთვის დამახასიათებელია ქონდარა არყის დაჯგუფებების გაბატონება. ჩრდილოეთისაკენ ბუჩქნარი მეჩხერდება და სულ უფრო გართხმულია მიწაზე, თანდათან ფართოდ ვრცელდება ისლი. აღმოსავლეთ ციმბირში ქონდარა არყის დაჯგუფებები ადგილს უთმობს არყის სხვა სახეობის დაჯგუფებებს. ჩუკოტკასა და ალასკაზე გავრცელებულია კოლბოხოვანი ტუნდრა, სადაც ბატონობს წყლის ბამბა და ისლი.

კანადისა და გრენლანდიის სუბარქტიკულ ტუნდრაში გაბატონებულია ერიკოიდული ბუჩქები.

ტუნდრას იყენებენ ირმის საძოვრებად, სამონადირეო სავარგულებად; აგროვებენ კენკრას (მიწამაყვალა, ლურჯი მოცვი). დამუშავებულია ტუნდრაში მაღალმოსავლიანი მდელოების შექმნის ხერხები.

ტუნდრისთვის დამახასიათებელია ზოგიერთი სახეობა (კეწერა, წითელი მოცვი, ლურჯი მოცვი, მოცვი, ბამბა და სხვა) გავრცელებულია კავკასიონის მაღალმთიანეთში; გვხვდება მონათესავე სახეობებიც (ტუნდრაში — oxyria digina, Dryas octopetala და სხვა. კავკასიონზე, შესაბამისად — Oxyria elatior, Dryas caucasica და სხვა).

ტუნდრის ფაუნა ღარიბი და ნაკლებად ორიგინალურია. მასთან ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული მღრღნელთა რიგი სახეობებისა (ლემინგები, მემინდვრიები), გადამფრენი (ღორიხვები, ღერღეტები, ბატები და სხვ.) და მოზამთრე (თეთრი ბუ და თეთრი გნოლი) ფრინველები, ჩრდილოეთის ირემი, თოვლის ცხვარი, ყარყუმი, დედოფალა, გვხვდება მელა, ყარსაღი და მგელი, მწერებიდან — მრავალრიცხოვანი კოღოები და მუმლი. მდინარეებსა და ტბებში — ნელმა, ჭაფალა, ომული, Coregonus nasus. ტუნდრას იყენებენ ირმების საძოვრად, ძვირფას სანადირო სავარგულად; საჭიროებს დაცვას.[1]

  • ზაზანაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 71-72.
  • Городков Б. Н., Растительность тундровой зоны СССР, М. — Л., 1935;
  • Тихомиров Б. А., Динамические явления в растительности пятнистых тундр Арктики, «Ботанический журнал», 1957, т. 42, №11;
  • Александрова В. Д., Принципы зонального деления растительности Арктики, «Ботанический журнал», 1971, т. 56, №1;
  • Хантимер И. С., Сельскохозяйственное освоение тундры, Л., 1974;
  • Юрцев Б. А., Проблемы ботанической географии Северо-Восточной Азии, Л., 1974;
  • Knapp R., Die Vegetation von Nordund Mittelamerika und der Hawaii-lnsein, Jena, 1965;
  • Walter Н., Die Vegetation der Erde in ökologischer Betrachtung, Bd 2 — Die gemässigten und arktischen Zonen, Jena, 1968.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Дорофеев В. И. ТУНДРА // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 501.
  翻译: