ცენტრალური ამერიკა
ცენტრალური ამერიკა | |
---|---|
ფართობი | 523 780 კმ²[1] |
მოსახლეობა | 42 688 190 ად.[2] (2013) |
მოს. სიმჭიდროვე | 81,50 ად./კმ² |
ქვეყნები | 7 |
ენები | ინგლისური, ესპანური, ფრანგული, და სხვა |
სასაათო სარტყელი | UTC-06:00 – UTC-05:00 |
ცენტრალური ამერიკა (ესპ. América Central, ინგლ. Central America) — რეგიონი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის, რომელიც გეოლოგიურად და გეოგრაფიულად ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტს ეკუთვნის. ისტორიულად ცენტრალური ამერიკა ხშირად განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ნაწილი (რეგიონი).
ცენტრალური ამერიკის გაბატონებული ენაა ესპანური. ერთადერთ გამონაკლისად ითვლება ინგლისურენოვანი ბელიზი. რეგიონის მოსახლეობა წარმოდგება ადგილობრივი ინდიელებისგან, ასევე ევროპელებისა და მათ მიერ ჩამოყვანილი აფრიკელი მონების შთამომავლებისგან.
ფიზიკური გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიზიკურ გეოგრაფიაში ცენტრალურ ამერიკას ხშირად განიხილავენ, როგორც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილს ტეუანტეპეკის ყელიდან პანამის ყელამდე (ზოგჯერ ტერიტორიას აფართოებენ ორივე ყელის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა შეხედულებების გამო — მაგალითად, ჩრდილოეთ საზღვარს ავლებენ ნეოტროპიკის ოლქის საზღვარზე).
რელიეფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტყეებით სავსე დაბლობები, ვაკეები და ჭაობები მდებარეობენ ცენტრალური ამერიკის სანაპიროს გასწვრივ. რეგიონს კვეთავენ მდინარეები და ქედები. ცენტრალური ამერიკის დიდი ნაწილი უკავია საშუალო სიმაღლის მთებს, რომლებიც შედიან კორდილიერების მთის მასივში (სამხრეთი სიერა-მადრე, სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი და სხვა). ჭარბობს ძლიერ დაგრეხილი მთიანეთი, ღრმა მდინარის ხეობებით, ზოგჯერ თანაბარი, საშუალო სიმაღლის ზეგნების მონაკვეთებით, რომლებიც ენაცვლება ტექტონიკურ ღრმულებს. მექსიკის საზღვრიდან, სადაც აღმართულია ცენტრალური ამერიკის ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი — ტახუმულკოს ვულკანი (სიმაღლე 4217 მეტრი), დასავლეთ პანამამდე. წყნარი ოკეანის მხრიდან მათ უერთდება ვულკანური ქედი ბევრი მოქმედი ვულკანით, მათ შორის ისტორიულ დროს წარმოქმნილი ვულკანებით (სანტა-მარია, ატიტლანი, სანტა-ანა, კოსიგუინა, პოასი, ირასუ და სხვა). დიდი დაბლობები მდებარეობენ მხოლოდ ჩრდილოეთით — ტაბასკოს შტატის, მოსკიტების სანაპიროს და იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, რომელიც უპირატესად ჩამოყალიბებულია კირქვისაგან კარსტული პროცესების და ფორმების ფართე განვითარებით.
გეოლოგიური აგებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია შედარებით სტაბილური ცენტრალურამერიკული მთიანეთის ბლოკი და იუკატანის ფილაქანი, სამხრეთი ნაწილი დაკავებულია კორდილიერების დანაოჭების ზოლით.
ცენტრალურამერიკული მთიანეთი ჩამოყალიბებულია რთულად დანაოჭებული პალეოზოური ჯგუფის მეტამორფული ქანების კომპლექსით და, სავარაუდოდ, დოკემბრიის პერიოდით (გრაუვაკი, გაქვავებული ფიქალი, დიაბაზი, ამფიბოლიტი, გნაისი), გადაფარული კარბონულ-პერმული და ტრიასულ-იურული კონტინენტური დანალექებით, ასევე ცარცული კირქვებით. ფართედაა გავრცელებული დევონური სისტემის ქვანახშირის და ცარცული სისტემის გრანიტოიდები.
იუკატანის ფილაქანი ეპიპალეოზოური ბაქანია; შედგება დანაოჭების ზოლის საფუძვლებისაგან, რომელიც აგებულია მეტამორფული ჯიშებისაგან, პალეოზოური ჯგუფის და, სავარაუდოდ, დოკემბრიის პერიოდის ასაკით, და მასზე გადაფარული მეზოზოური და კაინოზოური ჯგუფის დანალექი ჯიშების (6 კმ-მდე სიმძლავრით) თითქმის ჰორიზონტალური ბუდით: წითელი ფერის ტრიასული სისტემის დანალექები, იურული და ცარცული სისტემის ევაპორიტები და კირქვები, პალეოგენურ-ნეოგენური სისტემის ტერიგენური დანალექები.
კორდილიერების დანაოჭების ზოლი საკმაოდ რედუცირებული სახით აგრძელებს მექსიკის კორდილიერების სტრუქტურებს; ტეუანტეპეკის ყელის სამხრეთ-აღმოსავლეთთან ის გამოეყოფა ცენტრალური ამერიკის მთიანეთს და მიემართება ჩიაპასის შტატისკენ, რომელიც განხორციელებულია პალეოგენური და ნეოგენური სისტემის ზღვის და კონტინენტური დანალექებით. ამ ზოლის საფუძველში ზოგიერთ ადგილებში მჟღავნდება პალეოზოური ჯგუფის მეტამორფული დანაოჭების კომპლექსი, რომელიც გადაკეტილია გვატემალის ტერიტორიაზე ადრეული პალეოზოური მოლასებით. მთავარი ადგილი უკავია მეზოზოური ჯგუფის, უპირატესად ცარცულ-კარბონული და ფლიშურ დანალექებს, რომლებიც იტევენ დიდ ულტრაფუძიანი მთის ჯიშების სხეულებს. სამხრეთის რაიონებში მეზოზოურ ჯგუფში ფართედ გავრცელებულია ძირითადი შემადგენლობის წყალქვეშა ვულკანიზმის პროდუქტები, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკეანის პირობებში. ამ რაიონებისათვის დამახასიათებელია მარილიანი გუმბათის განვითარება. ძირითადი დანაოჭების ზოლი მიეკუთვნება გვიანდელ ცარცულ — ადრეულ პალეოგენურ სისტემას. დანაოჭების ცარცული და უფრო ძველი ჯიშების ზოლი ქმნის თანდათან შემცირებულ რკალს და მიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჰონდურასის ყურის წყლის ქვეშ.
სხვადასხვა უფრო ძველ სტრუქტურებში მდებარეობს ნეოგენური და თანამედროვე ვულკანების ზოლი, რომელიც გადაჭიმულია მექსიკიდან პანამის არხამდე წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, ცენტრალური ამერიკის ღრმულის პარალელურად. ახალგაზრდა ვულკანურ და ტექტონურ აქტივობასთან დაკავშირებულია პანამის ყელის წარმოქმნა, რომელმაც გამოყო კარიბის ზღვა წყნარი ოკეანისგან.
სასარგებლო წიაღისეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალურ ამერიკაში სასარგებლო წიაღისეულებიდან ცნობილია ოქროს და ვერცხლის მადნები, რომლებიც წარმოდგენილია ზომებით საშუალო (ელ-როსარიო ჰონდურასში) და მცირე (პის-პისი, ლა-ლუსი ნიკარაგუაში) ჰიდროთერმალური საბადოებით, რომელიც გამოწვეულია ცარცული ინტრუზით, და ნამსხვრევი ქანების ნაგროვი სახით (კოკო ნიკარაგუაში), ასევე სტიბიუმის და ვერცხლისწყალის მცირე საბადოები. ულტრაფუძიანი მთის ჯიშების სხეულებთანაა დაკავშირებული ქრომიტების მცირე საბადოები; ნეოგენური სისტემის ვულკანური ინტრუზიები — პანამის მსხვილი სპილენძპორფირებული საბადოები (სერო-კოლორადო და სერო-პეტაკილია). ტეუანტეპეკის ყელის მიდამოებში მდებარეობს ნავთობის და გაზის საბადოები.
ჰიდროგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხშირი წვიმების შედეგად და მთიანი რელიეფის გამო წლიური ნალექების რაოდენობა ცენტრალურ ამერიკაში როგორც წესი აჭარბებს 600 მმ-ს, ხოლო კოსტა-რიკის და პანამის კარიბის ფერდოებზე აღწევს 1500 მმ-ზე უფრო მეტს, მხოლოდ სამხრეთი სიერა-მადრეს სამხრეთ ფერდოებზე და იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით ნალექების რაოდენობა 100 მმ-ზე ნაკლებია. მდინარეთა ქსელი ხშირია, იუკატანის ნახევარკუნძულის გამოკლებით, რომელშიც თითქმის არ არსებობს ზედაპირული წყალმიმღებები. ჭარბობს მოკლე, მჩქეფარე, ჭორომიანი მდინარეები; ყველაზე დიდებია — მოტაგუა, პატუკა და რიო-კოკო. ატლანტის ოკეანის აუზის მდინარეები წყალუხვია მთელი წლის განმავლობაში; წყნარი ოკეანის მდინარეები, გამოირჩევა წყლის ხარჯვის მკვეთრი მერყეობით და ზაფხულის ძლიერი წყალდიდობებით. ტექტონიკურ ქვაბულებში ბევრი ტბებია, მათ შორის ყველაზე დიდებია — ნიკარაგუის ტბა, მანაგუა, ისაბალის ტბა, ატიტლანის ტბა.
სანაპირო ზოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყნარი ოკეანის ნაპირი ჩრდილოეთ ნაწილში პირდაპირია, სამხრეთში — საკმაოდ დანაწევრიანებულია ყურეებით (ფონსეკა, ნიკოია, ჩირიკი, მონტიხო, პანამის და სხვა), ქმნის მთელ რიგ ნახევარკუნძულებს (ნიკოია, ოსა, ასუერო და სხვა) და გრძელდება მატერიკული კუნძულებით (კოიბა, სებაკო, რეი და სხვა). მექსიკის ყურის (კამპეჩეს ყურე — მექსიკის ყურის სამხრეთი ნაწილი) და კარიბის ზღვის ნაპირები უპირატესად დაბლობია და ლაგუნებიანია (კარატასკა, ჩირიკი და სხვა ლაგუნები), მხოლოდ იუკატანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ღრმად იჭრება ჰონდურასის ყურეში; სანაპიროებთან მდებარეობს მცირე, უპირველეს ყოვლისა მარჯნის კუნძულები.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონში კლიმატი ცხელი და ნოტიოა, ტემპერატურა იშვიათად ეშვება 24 °C-ზე დაბლა. სანაპიროზე კლიმატი ცხელია, ხოლო მთებში და ზეგნებზე - გრილი. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ზოგიერთ რაიონებში მოდის 300 მმ-ზე მეტი ნალექი თვეში.
ცენტრალური ამერიკა მდებარეობს ტროპიკულ (ნიკარაგუის რესპუბლიკის დაბლობებამდე) და სუბეკვატორულ კლიმატურ სარტყელში. დაბალ განედებზე მდებარეობის გამო (7—22° ჩ. გ.) ის იღებს ბევრ მზის სითბოს (რადიაციული ბალანსი, 80 კკალ/სმ²-ზე მეტი წელიწადში, 1 კკალ = 4,19 კჯ) და აქვს მაღალი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში (ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა დაბლობებზე 22—24 °С-ია, ჩრდილოეთში 26 °С, სამხრეთში ყველაზე თბილი 26—28 °С-ია; 1000—2000 მეტრი სიმაღლის მთებში 5—8 °С-ით დაბალი). ჩრდილო-აღმოსავლეთის, ქარსზედა (მექსიკის ყურიდან და კარიბის ზღვიდან მოსულ პასატებთან შედარებით) ფერდობებზე — მუდმივად ნოტიო კლიმატია, ჩრდილოეთში ნალექი მოდის 1500—2000 მმ წელიწადში, 3000 მმ-მდე (ზოგიერთ ადგილას 7000 მმ-მდე) სამხრეთში. წყნარი ოკეანის ქარსქვედა ფერდობებზე ნალექები დაკავშირებულია ზაფხულის ციკლონებთან ჩრდილოეთით და ეკვატორულ მუსონებთან სამხრეთით. ზამთარი ჩვეულებრივ მშრალია, წელიწადში მოდის 1000—1800 მმ ნალექი. შიდა ქვაბულებზე და იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთის დაბლობებზე მოდის 500 მმ-ზე ნაკლები ნალექი წელიწადში. ცენტრალური ამერიკის სამხრეთში ექსპოზიციური სხვაობა იშლება და წყნარი ოკეანის ფერდობებზე ზამთრის მშრალი სეზონი აისახება სუსტად.
ტყეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალურ ამერიკას აქვს დიდი ტყეები, სადაც იზრდება მაგარი ჯიშის ძვირფასი ხეები, მაგალითად წითელი ხე. მაგრამ ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად კოსტა-რიკაში, ტყეები საკმაოდ ინტენსიურად იჭრება. გადარჩენილი ტყის მასივების შესანარჩუნებლად დაწესებულია ეროვნული პარკები. იაგუარები, მაიმუნები, გველები, კაიმანები, იგუანები, ფრინველთა ბევრი სახეობები, ასევე პეპლების და სხვა მწერების სხვადასხვა სახეობები ტყეების განადგურების გამო იმყოფებიან გაქრობის საფრთხის წინაშე.
მცენარეულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაბლობებზე და ჩრდილო-აღმოსავლეთის 800 მეტრამდე სიმაღლის ქარსზედა ფერდობებზე (ტერა კალიენტეს ზოლი) ბატონობენ ნოტიო ტროპიკული მარადმწვანე ტყეები წითელ-ყვითელი ლატერიტულ, უპირატესად ფერალიტურ ნიადაგზე; მათში ბევრია პალმები, ძვირფასმერქნიანი ფერადი ხეები, ლიანები, ეპიფიტები. მნიშვნელოვანი მონაკვეთები, განსაკუთრებით ტაბასკოს დაბლობზე, დაჭაობებულია; ნაპირები მანგროს ტყეებითაა დაფარული. სანაპიროს ახლოს — ბანანის, კაკაოს, ანანასის და სხვა ტროპიკული კულტურების პლანტაციებია; იუკატანის ნახევარკუნძულის მშრალ ჩრდილო-დასავლეთში, სადაც იზრდება ქსეროფილური ტყეები და ბუჩქები, — აგავის (ჰენეკენი) პლანტაციები. მთებში აშკარად იკვეთება მაღალი ზოლი. 1700 მეტრ სიმაღლემდე მდებარეობს ტერა ტემპლადას ზოლი, სადაც სითბოს მოყვარული სახეობები ქრება და ჭარბობს გვიმრები; 1700 მეტრი სიმაღლიდან (ტერა ფრიას ზოლი) — მარადმწვანე ფოთლოვანი (მუხები, მაგნოლიები და სხვა) და წიწვოვანი (ფიჭვები, გვატემალური სოჭი, მექსიკური კვიპაროზი, ურთხელი და სხვა) შერეული ტყეები; 3200 მეტრზე ზევით ფრაგმენტულად გვხვდება ალპური მდელოები, სამხრეთით — მაღალმთიანი ეკვატორული პარამოსი. მთებზე, მთის წითელ და ყავისფერ-წითელ ლატერიზებულ ნიადაგში ჩვეულებრივია წიწვოვან-უხეშფოთლიანი, ადგილებზე სუფთა ფიჭვიანი ტყეები; აქ განვითარებულია საძოვრები მეცხოველეობისათვის, მოყვანილია სიმინდი, კარტოფილი, პარკოსნები. წყნარი ოკეანის ფერდობებზე — უპირატესად ფოთოლმცვენი (გვალვის დროს) ტროპიკული ტყეები (სეიბა (ლათ. Ceiba), კოკოლობა (ლათ. Coccoloba) და სხვა) მთის წითელ ფერალიტურ ნიადაგში, რომელიც უფრო დაბალ სიმაღლეზე იცვლება, უფრო მეტად მშრალ რაიონებში და შიდა ქვაბულებში, ეკლიანი იშვიათი ტყეებით, ბუჩქნარით, კაქტუსებით და მეორადი სავანებით ყავისფერ-წითელ ნიადაგზე; ყავის (600—900 მეტრ სიმაღლეზე), თამბაქოს, შაქრის ლერწმის და ბამბის პლანტაციებით. ფლორისტიკურ შემადგენლობაში დამახასიათებელია ჩრდილოამერიკული სახეობების სიჭარბე ნიკარაგუის დაბლობის ჩრდილოეთით და სამხრეთამერიკული სახეობების სიჭარბე — მისგან სამხრეთით.
ცხოველთა სამყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბინადრობენ ფართეცხვირიანი მაიმუნები (ლათ. Platyrrhini), წყვილჩლიქოსნები (ლათ. Tayassuidae), ტაპირები, ჯავშნოსნები (ლათ. Cingulata), იაგუარები, სისხლისმწოველი ღამურები, ბევრი ჩიტები, ქვეწარმავლები და მწერები. ჩრდილოეთ ნაწილში ასევე დამახასიათებელია ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლები — ფოცხვრები, ენოტები, მღრღნელები (თრია, კურდღელი, ციყვი და სხვა). ტაპირებს, მღრღნელებს, ღამურებს და ჩიტებს შორის არსებობენ ენდემური სახეობები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერიტორიების დასახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლუმბამდელ ეპოქაში ცენტრალური ამერიკის დიდი ნაწილი ეკუთვნოდა მესოამერიკის ცივილიზაციას. რეგიონის დასახლება მიმდინარეობდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მაგრამ სხვადასხვა მოდელები სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ ამ პროცესის დაწყებას, მიაკუთვნებენ რა მას ან 40 000—21 000 წლის უკანდელ პერიოდს, ან 17 000—15 000 წლის უკანდელს[3][4]. უფრო ადრინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები, რომელიც მიეკუთვნება დიაბლოს კულტურას, თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე X საუკუნით.[5] ინდიელების საზოგადოებები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდებოდნენ სრულფასოვან სახელმწიფოში, იკავებდნენ ტერიტორიებს მექსიკის ცენტრიდან კოსტა-რიკის ჩრდილოეთამდე. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას შორის, პანამის ტერიტორიაზე, იკვეთება ორივე კულტურის ნიშნები.
ცენტრალური ამერიკის კოლუმბამდელი ცივილიზაციების ძირითად კულტურებს მიეკუთვნებიან ოლმეკები (1150—800 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე), მაია (200 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე — 900 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით), ტოლტეკები (900—1200 წლები ჩვენი წელთაღრიცხვით), აცტეკები (1428—1521 წლები ჩვენი წელთაღრიცხვით). ამ კულტურებმა დატოვეს დიდი ცერემონიალური ცენტრები და ქალაქები მსხვილი ნაგებობებით. მათ ჰქონდათ ხელსაქმიანობის განვითარების მაღალი დონე: ქვის, ხის და ლითონის დამუშავება — აწარმოებდნენ ტექსტილს და საღებავებს, ჰქონდათ ასტრონომიული ცოდნა, იყენებდნენ ზუსტ კალენდარს და შექმნეს დამწერლობის მესოამერიკული სისტემა.
ოლმეკები (1150—800 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლმეკების ძველი მექსიკური კულტურა, ცენტრით ლა-ვენტაში მაღალგანვითარებული იყო თანამედროვე ვერაკრუსისა და ტაბასკოს შტატების ტერიტორიაზე. ოლმეკებმა გამოიგონეს საკუთარი დამწერლობა და დათვლის სისტემა, შექმნეს პრიმიტიული კალენდარი. ლა-ვენტაში აღმოაჩინეს ადამიანის გიგანტური ქვის თავები, სავარაუდოდ, ბელადების ამსახველი. თითოეულ თავს ჰქონდა საკუთარი შლემი, ხოლო კოლუმბამდელი ცივილიზაციების ამერიკაში თავსაბურავი მიუთითებდა ადამიანის სტატუსზე.
მაიას ცივილიზაციის განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიას ხალხს, რომლებიც თანამედროვე მექსიკის, გვატემალის, ჰონდურასის და ცენტრალური ამერიკის დასავლეთი ნაწილის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ჰქონდათ იეროგლიფური დამწერლობა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა გაშიფრული, რთული და ზუსტი კალენდარი, რომელიც, როგორც დადგენილია, მთლიანად შეესაბამება გრიგორიანულ კალენდარს; ისინი არიან ოლმეკების კულტურის გამგრძელებლები, რომლის ცივილიზაციის აყვავება მიეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1200 წელს. მაიას ცივილიზაციის ყველაზე ძველი კვალი მიეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200-300 წლებს; შემდეგ იწყება ტეოტიუაკანის სამხედრო ექსპანსია, და დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობს მაიას ხალხის არავითარი ხსენება; შემდეგ ისინი ხელმეორედ გამოჩნდნენ, და მიუხედავად ტროპიკული ტყეების საკმაოდ არასახარბიელო გეოგრაფიული პირობებისა, მათი კულტურა აღწევს საკმაოდ მაღალ დონეს. ჩვენი წელთაღრიცხვის 750 წელს მაიას ხალხს უკვე ჰქონდა ოთხი მსხვილი ქალაქი (ტიკალი, კოპანი, პალენკე და კალაკმული), რომელთა გარშემო აღმოცენდა ბევრი მცირე სოფელი და დასახლება; მაგრამ მაიას ცენტრალიზებული სახელმწიფოს არსებობა ამ პერიოდისთვის ნაკლებსავარაუდოა.
ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო, რომელთა შორის ყველაზე უფრო მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს შეიარაღებული თავდასხმა და რელიგიური უთანხმოება, ჩვენი წელთაღრიცხვის 800 და 900 წლებს შორის შუალედში მოსახლეობამ დატოვა ქალაქები და ჯუნგლებს დაუტოვა ეს შესანიშნავი ძეგლები. ასეთი კატასტროფის შემდეგ მაიას კულტურამ თავი მოიყარა იუკატანის ნახევარკუნძულზე, სადაც ჩვენი წელთაღრიცხვის 900 და 1200 წლებში აღმოცენდა ბევრი საქალაქო ცენტრი. ერთ-ერთი მათგანია, ჩიჩენ-იცა, რომელიც სავარაუდოდ, დაიპყრეს ტოლტეკებმა ტოლანიდან (აცტეკების წინაპრები), და რომელიც გახდა ერთ-ერთი ცენტრი, საიდანაც ტოლტეკები ახორციელებდნენ თავიანთ თავდასხმებს.
ტოლტეკები (900—1200 წლები ჩვენი წელთაღრიცხვით)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეომარი ტომებია, რომლებიც იყვნენ განვითარების ბარბაროსულ საფეხურზე. მაგრამ ტეოტიუაკანის სიკვდილის შემდეგ მათ მემკვიდრეობით მიიღეს ქალაქის კულტურა და ააშენეს საკუთარი — ტოლანი (ტულა). ისინი იყვნენ კარგი ხელსაქმოსნები, მხატვრები და ქმნიდნენ რთულ სკულპტურებს. ტოლტეკების მთავარი ღვთაება იყო კეცალკოატლი.
აცტეკები (1428—1521 წლები ჩვენი წელთაღრიცხვით)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აცტეკები მოვიდნენ ჩრდილო-დასავლეთიდან და მეხიკოს დაბლობზე ააშენეს საკუთარი დედაქალაქი — ტენოჩტიტლანი — დიდი ქალაქი, ულამაზესი დარბაზებით და ტაძრებით. მათ შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კულტურა ცენტრალურ ამერიკაში. რელიგია ეხებოდა მათი ცხოვრების ყველა მხარეს. ისინი ეთაყვანებოდნენ 120-ზე მეტ ღმერთს. განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ღმერთ უიცილოპოჩტლს, რომელსაც ყოველწლიურად მსხვერპლად სწირავდნენ ათასობით ადამიანს.
ცენტრალური ამერიკის კოლონიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XV საუკუნეში ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ცენტრალური ამერიკის კოლონიზაცია. 1510 წელს ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ დააარსა პანამის კოლონია და გახდა მისი გუბერნატორი. 1519–1521 წლებში ესპანელებმა გაანადგურეს აცტეკების იმპერია და რეგიონში 300 წლით დაამყარეს საკუთარი მმართველობა. 1524 წელს ესპანელებმა გააგრძელეს ტერიტორიების დაპყრობა და უერთებდნენ მას ესპანეთის სამეფოს პროვინციების სახით: ჩიაპასი, გვატემალა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, — რომლებიც 1542 წელს გადაკეთდა გვატემალის სამეფო აუდიენსიად (ესპ. Audiencia y Cancillería Real de Santiago de Guatemala).
მიუხედავად ამისა, უკვე XVI საუკუნის ბოლოდან რეგიონში იწყება სხვა ევროპული ქვეყნების შეღწევა. XVII საუკუნის განმავლობაში დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა დაიპყრეს კარიბის ზღვის კუნძულების ტერიტორიები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. დიდმა ბრიტანეთმა თავის კონტროლ ქვეშ აიყვანა კარიბის ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ბრიტანეთის ჰონდურასი. კონკურენტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ესპანეთი გვატემალის სამეფო აუდიენსიის მეთაურს დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს და მას ეძლევა გენერალ-კაპიტანის ტიტული. იგი იღებს ავტონომიას ადმინისტრირების და სამხედრო საქმეების საკითხებში. გვატემალის გენერალ-საკაპიტნოს (ესპ. Capitanía General de Guatemala) შემადგენლობაში მოხვდნენ მექსიკის მომავალი შტატის — ჩიაპასის ტერიტორია და თანამედროვე სახელმწიფოები: გვატემალა, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა და კოსტა-რიკა.
დამოუკიდებლობის მიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1811 წელს, ევროპაში ნახევარკუნძულის ომის დროს, სალვადორში მოხდა პირველი აჯანყება დამოუკიდებლობის მოთხოვნით. სამი წლის შემდეგ, ფერდინანდ VII-ს ხელისუფლების აღდგენის შემდეგ, აჯანყება განმეორდა. ორივე შემთხვევაში გამოსვლა ადვილად ჩაახშეს, ხოლო პოლიტიკური მოთხოვნები დაკმაყოფილდა ესპანური სამყაროს საერთო პოლიტიკური რეფორმების დროს, რომელმაც მოიტანა კადისის კონსტიტუციის მიღება. 1810 წლიდან 1814 წლამდე პერიოდში გვატემალის გენერალ-საკაპიტნოდან კადისის კორტესში დამატებით აირჩიეს შვიდი წარმომადგენელი, ამასთან ერთად პროვინციების ინტერესებს წარმოადგენდნენ ადგილობრივი დეპუტატები[6].
1821 წელს ცენტრალური ამერიკის კრეოლთა კონგრესმა გამოაცხადა ესპანეთისგან თავიანთი დამოუკიდებლობის შესახებ დაწყებული 1821 წლის 15 სექტემბრიდან. ეს თარიღი ცენტრალური ამერიკის ბევრი ერისათვის ითვლება დამოუკიდებლობის დღედ. ესპანელი კაპიტან-გენერალი გაბინო გაინსა კეთილგანწყობით ეკიდებოდა ამბოხებულებს და მან გადაწყვიტა დარჩენილიყო ტერიტორიის დროებით მეთაურად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე. დამოუკიდებლობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა: 1822 წლის 5 იანვარს გვატემალის ანექსია მოახდინა მექსიკის პირველმა იმპერიამ. ანექსიას განაგრძობდნენ გვატემალელი კონსერვატორები, ხოლო ლიბერალების წინააღმდეგობა ჩახშობილი იქნა. 1823 წელს მექსიკის პირველმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო ცენტრალური ამერიკის შეერთებულ ტერიტორიებს უფლება მისცეს აერჩიათ საკუთარი მომავალი.
1821 წელს პანამამ გამოაცხადა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა და შევიდა სიმონ ბოლივარის დიდი კოლუმბიის შემადგენლობაში. კოლუმბიისგან დამოუკიდებლობა მან მიიღო 1903 წელს აშშ-ის მხარდაჭერით.
ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1823 წლის 1 ივლისს ცენტრალური ამერიკის კონგრესმა მიიღო ესპანეთისგან, მექსიკისგან ან ნებისმიერი სხვა უცხოური სახელმწიფოსგან აბსოლუტური დამოუკიდებლობის დეკლარაცია. გაჩნდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, მართვის რესპუბლიკური ფორმით — ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა (ესპ. República Federal de Centroamérica), რომელიც შედგებოდა გვატემალისაგან, სალვადორისაგან, ჰონდურასისაგან, ნიკარაგუასაგან და კოსტა-რიკისაგან. ჩიაპასმა ვერ მოასწრო ამ ქვეყანასთან შეერთება და ოკუპირებული იქნა მექსიკის ჯარების მიერ. 1830 წელს ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა ლოს-ალტოსი, შემდგომში გაყოფილი მექსიკასა და თანამედროვე გვატემალას შორის. ფედერაციულმა რესპუბლიკამ იარსება 1840 წლამდე, როდესაც სამოქალაქო ომის შედეგად დანაწევრდა რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
აღდგენის მცდელობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX და XX საუკუნის დასაწყისისამდე პერიოდში ცენტრალური ამერიკის ერებმა რამდენიმეჯერ სცადეს ერთმანეთთან შეერთება, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ მოიტანა ხანგრძლივი კავშირი:
- 1842 წელს გაჩნდა ცენტრალური ამერიკის კონფედერაცია, რომელშიც შედიოდნენ სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი და ნიკარაგუა. მან მხოლოდ 1844 წლამდე იარსება.
- 1852 წლის ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა შედიოდნენ ცენტრალური ამერიკის ფედერაციის შემადგენლობაში.
- 1880-იან წლებში ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა იარაღის ძალით სცადა გვატემალის პრეზიდენტმა ხუსტო რუფინო ბარიოს აუიონმა, მაგრამ ის მოკლული იქნა.
- 1896 წლიდან 1898 წლის ჩათვლით ჰონდურასი, ნიკარაგუა და სალვადორი გაერთიანდნენ ცენტრალური ამერიკის დიდ რესპუბლიკაში (ესპ. República Mayor de Centroamérica).
- 1921 წლის ივნისიდან 1922 წლის იანვრის ჩათვლით სალვადორმა, გვატემალამ, ჰონდურასმა და კოსტა-რიკამ ჩამოაყალიბეს ახალი ცენტრალური ამერიკის ფედერაცია.
მიუხედავად წარუმატებელი ცდებისა, ცენტრალურ ამერიკაში პოლიტიკური კავშირის შექმნის იდეა სიცოცხლეს აგრძელებდა. კერძოდ, 1856–1857 წლებში რეგიონის ქვეყნებმა დაამყარეს სამხედრო კავშირი, უილიამ უოლკერის შემოჭრის საწინააღმდეგოდ.
ბრიტანეთის ჰონდურასი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიტანეთის ჰონდურასი (ინგლ. British Honduras) — ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ცენტრალური ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც ეხება მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთს. დღეისათვის მის ტერიტორიაზე მდებარეობს ბელიზის სახელმწიფო. პირველად აქ ევროპელები დასახლდნენ XVII საუკუნეში, 1871 წელს ტერიტორია გახდა ბრიტანეთის იმპერიის სამეფოს კოლონია. 1964 წელს ბრიტანეთის ჰონდურასმა მიიღო თვითმმართველობა. ბელიზმა მთლიანი დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან გამოაცხადა 1981 წლის 21 სექტემბერს. ბელიზი იყო გაერთიანებული სამეფოს უკანასკნელი კონტინენტური სამფლობელო.
პირველი ევროპელები, რომლებიც დასახლდნენ ბრიტანეთის ჰონდურასის ტერიტორიაზე, იყვნენ ინგლისელი ხის დამამზადებლები 1638 წელს. კოლონია განსაკუთრებულ მიზანს წარმოადგენდა ბრიტანეთის იმპერიისთვის, გამომდინარე მისი საღებავებით და ტყეში არსებული საუკეთესო სამშენებლო ხის მასალით, რომელსაც ფართედ იყენებდნენ სამეფო ფლოტის გემების ასაგებად.
კოლონია განიცდიდა ხშირ თავდასხმებს ესპანელი დასახლებულების მხრიდან XVII—XVIII საუკუნეების განმავლობაში, რისი მიზეზიც იყო ეკონომიკური ბრძოლა და ესპანეთის ტერიტორიული პრეტენზიები მთელ კოლონიაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ესპანეთის საექსპედიციო კორპუსის 1500 ჯარისკაცის წარუმატებელი შეტევა ბრიტანულ, 250 ჯარისკაცისაგან შემდგარ გარნიზონზე 1754 წლის აპრილში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა აღიარეს ბრიტანეთის უფლება კოლონიაზე, ისინი მაინც რამდენიმეჯერ თავს ესხმოდნენ ბრიტანელ დასახლებულებს და 1779 წლის სექტემბერში შეძლეს კიდევაც გაენადგურებინათ ქალაქი ბელიზი. საბოლოო გამარჯვებას კი ბრიტანელებმა მიაღწიეს წმინდა გიორგის უბესთან ბრძოლის შემდეგ 1798 წლის 10 სექტემბერს.
XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნეში გაგრძელდა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების კონსოლიდაციის ცდები. 1907 წელს, აშშ-ის და მექსიკის შუამავლობით, შეიქმნა ცენტრალური ამერიკის სასამართლო, რომელმაც იარსება 10 წელზე მეტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოსტა-რიკამ, სალვადორმა, გვატემალამ, ჰონდურასმა და ნიკარაგუამ დააფუძნეს ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (ესპ. Organización de Estados Centroamericanos, ODECA), რომლის ჩარჩოებშიც აღდგა საერთო ცენტრალური ამერიკის სასამართლო. 1960 წელს სალვადორმა, გვატემალამ, ჰონდურასმა და ნიკარაგუამ შექმნეს ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზარი (ინგლ. Central American Common Market, CACM), რომელსაც 1963 წელს შეუერთდა კოსტა-რიკაც, ხოლო შემდეგ პანამა. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაძლიერებას ხელი შეუშალა 1969 წელს მომხდარმა საფეხბურთო ომმა სალვადორსა და ჰონდურასს შორის. საერთო ბაზრის ფუნქციონირების აღდგენა მოხდა 1991 წელს.
ბრიტანეთის ჰონდურასი 1964 წლიდან სარგებლობდა შიდა თვითმმართველობით. ის გახდა დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი კონტინენტური სამფლობელო და დამოუკიდებლობა მოიპოვა 1981 წელს.
1991 წელს ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებმა შექმნეს პარლამენტი. ამ სათათბირო ორგანოში საკუთარი წარმომადგენლები გააგზავნა ჰონდურასმა, სალვადორმა, ნიკარაგუამ და გვატემალამ, ასევე პანამამ და დომინიკელთა რესპუბლიკამ. კოსტა-რიკა, მიუხედავად არაერთგზის მოწვევისა, პარლამენტში მონაწილეობისაგან თავს იკავებს. 2007 წელს ჰონდურასმა, სალვადორმა, ნიკარაგუამ და გვატემალამ მიიღეს გადაწყვეტილება გაეხსნათ საზღვრები: ამ ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში, შიდა პირადობის მოწმობის გამოყენების შემდეგ.
პოლიტიკური გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური გეოგრაფიის მიხედვით ცენტრალური ამერიკა შედგება შემდეგი სახელმწიფოებისგან:
ქვეყანა | ფართობი (კმ²)[7] |
მოსახლეობა (ივლისი 2009) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (ად./კმ²-ზე) |
დედაქალაქი | ოფიციალური ენა |
---|---|---|---|---|---|
ბელიზი | 22 966 | 307 000 | 13 | ბელმოპანი | ინგლისური |
კოსტა-რიკა | 51 100 | 4 579 000 | 90 | სან-ხოსე | ესპანური |
სალვადორი | 21 040 | 6 163 000 | 292 | სან-სალვადორი | ესპანური |
გვატემალა | 108 890 | 14 027 000 | 129 | გვატემალა | ესპანური |
ჰონდურასი | 112 090 | 7 466 000 | 67 | ტეგუსიგალპა | ესპანური |
ნიკარაგუა | 130 373 | 5 743 000 | 44 | მანაგუა | ესპანური |
პანამა | 78 200 | 3 454 000 | 44 | პანამა | ესპანური |
სულ | 523 780 | 41 739 000 | 80 |
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური ამერიკის თანამედროვე მოსახლეობის უმრავლესობა შერეული, უპირატესად ინდიელ-ესპანური წარმოშობისაა. სალვადორში, ნიკარაგუაში, ჰონდურასში, პანამაში ისინი მოსახლეობის დიდი უმრავლესობაა. გვატემალაში მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი — ინდიელებია, რომლებიც საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ. კოსტა-რიკაში ესპანელი კოლონისტების შთამომავლები თითქმის არ ჯვარდებოდნენ ადგილობრივ ინდიელებთან. პანამისთვის დამახასიათებელია შავკანიანი მოსახლეობის დიდი წილი (12—15 %). XVI საუკუნეში ეს მიწები დაისაკუთრეს ესპანელებმა, რომლებიც აქ ოქროს ეძებდნენ. მანამდე იქ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ინდიელთა ტომები, მათ შორის მაია, რომლებიც იქ ბატონობდნენ 300 წლიდან 900 წლის ჩათვლით. პირველი ევროპელი დასახლებულები ყიდულობდნენ აფრიკელ მონებს, რომლის შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ ნიკარაგუაში, ბელიზში და პანამაში. მთელ რეგიონში ლაპარაკობენ ესპანურად, თუმცა ბელიზში ოფიციალური ენა ინგლისურია. ბევრი ადამიანი ასევე ლაპარაკობს ადგილობრივი ინდიელების ენაზე.
ქალაქი | ქვეყანა | მოსახლეობა | აღწერის წელი | ქვეყნის მოსახლეობის % |
---|---|---|---|---|
(1) გვატემალა | გვატემალა | 3 700 000 | 2010 | 26 % |
(2) სან-სალვადორი | სალვადორი | 2 415 217 | 2009 | 39 % |
(3) მანაგუა | ნიკარაგუა | 1 918 000 | 2012 | 34 % |
(4) ტეგუსიგალპა | ჰონდურასი | 1 819 000 | 2010 | 24 % |
(5) სან პედრო სულა | ჰონდურასი | 1 600 000 | 2010 | 21 %+4 |
(6) პანამა | პანამა | 1 400 000 | 2010 | 37 % |
(7) სან-ხოსე | კოსტა-რიკა | 1 275 000 | 2013 | 30 % |
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური ენები ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში ესპანურია, გარდა ბელიზისა, სადაც ოფიციალური ენაა ინგლისური. მაიას ენები მიეკუთვნება ენათა ოჯახებს, რომლებიც შედგება დაახლოებით 26 მონათესავე ენებისგან. 1996 წელს გვატემალაში 21 მათგანი ოფიციალურადაა მიჩნეული. შინკას და გარიფუნას ენებიც გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში.
№ | ქვეყანა | მოსახლეობა | ესპანური (%) | მაიას ენები (%) | ინგლისური (%) | შინკა (%) | გარიფუნა (%) | ||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | გვატემალა | 15 284 000 | 64,7 % | 34,3 % | 0,0 % | 0,7 % | 0,3 % | ||
2 | ჰონდურასი | 8 447 000 | 97,1 % | 2,0 % | 0,0 % | 0,0 % | 0,9 % | ||
3 | სალვადორი | 6 108 000 | 99,0 % | 1,0 % | 0,0 % | 0,0 % | 0,0 % | ||
4 | ნიკარაგუა | 6 028 000 | 87,4 % | 7,1 % | 5,5 % | 0,0 % | 0,0 % | ||
5 | კოსტა-რიკა | 4 726 000 | 97,2 % | 1,8 % | 1,0 % | 0,0 % | 0.0 % | ||
6 | პანამა | 3 652 000 | 86,8 % | 9,2 % | 4,0 % | 0,0 % | 0,0 % | ||
7 | ბელიზი | 334 000 | 52,1 % | 8,9 % | 37,0 % | 0,0 % | 2,0 % |
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონტინენტის ამ რეგიონში ცხოვრობს საკმაოდ ბევრი ეთნიკური ჯგუფები. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ მეტისები, საკმაოდაა თეთრკანიანი და მაიას ხალხის რაოდენობაც, ხოლო შინკას და გარიფუნას ენებზე მოლაპარაკე ხალხი უმცირესობებს წარმოადგენენ. რეგიონში ასევე ცხოვრობენ იმიგრირებული ებრაელები, არაბები, ჩინელები და სხვები.
ეთნიკური ჯგუფები ცენტრალურ ამერიკაში (2010 წელი) | |||||||||
ქვეყანა | მოსახლეობა | ინდიელები (%) | თეთრკანიანები(%) | მეტისები(%) | შავკანიანები(%) | შინკა(%) | სხვები(%) | ||
ბელიზი | 324 528 | 11,3 % | 4,8 % | 52,9 % | 32,0 % | 0,0 % | 6,1 % | ||
კოსტა-რიკა | 4 301 712 | 4,0 % | 65,0 % | 24 % | 6,0 % | 0,0 % | 1,0 % | ||
სალვადორი | 6 340 889 | 1,0 % | 20 % | 76,1 % | 0,0 % | 0,0 % | 2,9 % | ||
გვატემალა | 15 700 000 | 39,8 % | 15,6 % | 42,6 % | 0,8 % | 0,2 % | 1,0 % | ||
ჰონდურასი | 8 143 564 | 6,0 % | 5,5 % | 82,0 % | 6,0 % | 0,1 % | 0,5 % | ||
ნიკარაგუა | 5 815 500 | 5,0 % | 17,0 % | 69,0 % | 9,0 % | 0,0 % | 0,0 % | ||
პანამა | 3 474 562 | 6,8 % | 10,0 % | 62,0 % | 14,0 % | 0,0 % | 9,0 % |
რელიგიური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVI საუკუნეში ცენტრალური ამერიკის ესპანური კოლონიზაციის დაწყებისთანავე კათოლიციზმი გახდა ყველაზე პოპულარული რელიგია რეგიონში XX საუკუნის პირველ ნახევრამდე. 1960-იანი წლებიდან, დაიწყო სხვა ქრისტიანული რელიგიების აღმავლობა, განსაკუთრებით პროტესტანტიზმის, ასევე სხვა ქრისტიანული ჯგუფების, და პირების, რომლებიც საკუთარ თავს არც ერთი რელიგიის მიმდევრებად არ აცხადებენ.[8]
ქვეყანა |
კათოლიკები % (2010 წელი) |
პროტესტანტები % (2010 წელი) |
ათეისტები % (2010 წელი) |
სხვები % (2010 წელი) |
არ დააფიქსირეს % (2010 წელი) |
---|---|---|---|---|---|
ბელიზი | 40 % | 31 % | 15 % | 10 % | 4 % |
კოსტა-რიკა | 68 % | 18 % | 9 % | 3 % | 1 % |
სალვადორი | 47 % | 31 % | 21 % | 1 % | 0 % |
გვატემალა | 47 % | 39 % | 11 % | 2 % | 1 % |
ჰონდურასი | 50 % | 38 % | 6 % | 3 % | 0 % |
ნიკარაგუა | 58 % | 23 % | 13 % | 4 % | 2 % |
პანამა | 77 % | 13 % | 2 % | 7 % | 1 % |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს ხელმოწერილი ცენტრალური ამერიკის ქვეყნების შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ — შეთანხმებაა აშშ-ის, კოსტა-რიკის, სალვადორის, გვატემალის, ჰონდურასის, ნიკარაგუის და დომინიკელთა რესპუბლიკის ქვეყნებს შორის. შეთანხმების მიზანია თავისუფალი ვაჭრობის განვითარება ამ ქვეყნებს შორის.
რეგიონში ყველაზე მსხვილი ეკონომიკა გვატემალას გააჩნია[9][10]. ექსპორტის ძირითადი დარგებია: ყავა, შაქარი, ბანანი, ნავთობი და ტანსაცმელი. მისი 10,29 მილიარდი აშშ-ის დოლარის წლიური ექსპორტიდან 40,2 % მიდის აშშ-ში[11], 11,1 %-მდე მეზობელ სალვადორში, 8 % ჰონდურასში, 5,5 % მექსიკაში, 4,7 % ნიკარაგუაში და 4,3 % კოსტა-რიკაში[12].
ცენტრალური ამერიკის ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელოდ შემცირდა 2014-2015 წლებში[13].
ქვეყანა | მშპ (ნომინალური)[9] (2012) მილიონი US$ |
მშპ (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი)[10] (2012) მილიონი US$ |
---|---|---|
ბელიზი | 1 552 | 2 914 |
კოსტა-რიკა | 44 313 | 57 955 |
სალვადორი | 24 421 | 46 050 |
გვატემალა | 50 303 | 78 012 |
ჰონდურასი | 18 320 | 37 408 |
ნიკარაგუა | 7 695 | 19 827 |
პანამა | 34 517 | 55 124 |
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია მიწადმოქმედებით. მაღალმთიან ადგილებში ამრავლებენ მსხვილ რქოსან პირუტყვს, საექსპორტოდ მოჰყავთ ბანანი, შაქრის ლერწამი, ბამბა. ცენტრალური ამერიკა იძლევა დაახლოებით მსოფლიოში ყავის წარმოების მეათედს. ხეების — ჩიკლეს ან საპოგილას წვენებისგან ამზადებენ საღეჭ რეზინებს. აქ მოჰყავთ კაკაო-ბობის მდიდარი მოსავალი — ნედლეული შოკოლადის დასამზადებლად. რეგიონში მოყვანილი სიმინდი, ბობი და ბრინჯი — ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საკვები პროდუქტებია.
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, მის საფუძველს დღესაც შეადგენენ მცირე ფაბრიკები, რომლებიც აწარმოებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ყოველდღიური მოხმარების სხვა საქონელს. ხელით ნაკეთებ თიხის ჭურჭელს, მატყლის ხალიჩებს, ტყავის ნაკეთობებს და ქუდებს ყიდიან ტურისტებზე.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუნებრივი ობიექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკარაგუის ტბა (ნიკარაგუა) — ცენტრალური ამერიკის მსხვილი მტკნარი წყალსატევი და მსოფლიოში ერთადერთი მტკნარი წყლის ტბა, სადაც ბინადრობენ ზვიგენები.
- ბელიზის რიფები — სიდიდით მეორე ბარიერული რიფი მსოფლიოში.
არქიტექტურული ობიექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქი ანტიგუა (გვატემალა), აშენებული XVI საუკუნეში, კოლონიალურ ეპოქაში იყო გვატემალის დედაქალაქი, მაგრამ 1773 წელს საკმაოდ დაზარალდა მიწისძვრისგან.
არამატერიალური ობიექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხალხური ცეკვები (გვატემალა)
ეროვნული პარკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლა-ამისტადის საერთაშორისო პარკი — მდებარეობს პანამა-კოსტა-რიკის საზღვრის ორივე მხარეს. პარკში შედის ორი ერთმანეთთან მოსაზღვრე ბიოსფერული ნაკრძალი. ერთი მათგანი მდებარეობს კოსტა-რიკაში, მეორე — პანამაში. ორივე ნაკრძალს ერთი და იგივე სახელი ჰქვია — ლა-ამისტადი, რაც ესპანური ენიდან თარგმანში ნიშნავს „მეგობრობას“.
- კორკოვადოს (კოსტა-რიკა) ეროვნული პარკი — მდებარეობს ოსას ნახევარკუნძულზე, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. პარკის ფართობი შეადგენს 54 000 ჰექტარს. ამ დაშორებული, ცენტრალურ ამერიკაში თითქმის ხელუხლებელი ტყის ბუნების მშვენიერება, მისი მცენარეულობის და ცხოველთა სამყაროს ნაირფეროვნება იზიდავს ხალხის ყურადღებას.
- მონტევერდეს (კოსტა-რიკა) ეროვნული პარკი — 1960-იან წლებში მეცნიერთა ჯგუფმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მონტევერდეში დააარსა ნისლოვანი ტყის ნაკრძალი, რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ მიუერთეს წყალგამყოფი ზონაც. იმ დროიდან ნაკრძალი რამდენიმეჯერ გაფართოვდა და დღეისათვის ის მოიცავს დაახლოებით 10 500 ჰექტარს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Central America Online Discussion Forum and Community
- Photos of Central America
- LANIC Central America country pages
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცენტრალური ამერიკის ტერიტორია
- ↑ ცენტრალური ამერიკის მოსახლეობა (2012 წელი)
- ↑ Phillip M. White (2006). American Indian chronology: chronologies of the American mosaic. Greenwood Publishing Group, გვ. 1. ISBN 978-0-313-33820-5. ციტირების თარიღი: 29 November 2011.
- ↑ Wells, Spencer; Read, Mark (2002) The Journey of Man - A Genetic Odyssey (Digitised online by Google books), Random House, გვ. 138–140. ISBN 0-8129-7146-9. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
- ↑ ცენტრალური ამერიკის ცივილიზაციები. ციტირების თარიღი: 2014-09-26.
- ↑ Marie Laure Rieu-Millan., Los diputados americanos en las Cortes de Cádiz: Igualdad o independencia, Madrid: Consejo Superior de Investigaciones Científicas, 1990, ISBN 978-84-00-07091-5.
- ↑ Areas and population estimates taken from the 2008 CIA World Factbook, whose population estimates are as of July 2007.
- ↑ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ცენტრალურ ამერიკაში; ისტორიული პერსპექტივა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-10. ციტირების თარიღი: 2015-03-18.
- ↑ 9.0 9.1 საერთაშორისო სავალუტო ფონდი. "ცალკეული ქვეყნების და თემების ანგარიში". მონაცემთა ბაზა
- ↑ 10.0 10.1 საერთაშორისო სავალუტო ფონდი. "მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა (მშპ) მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე (მუპ). ქვეყნის მშპ-ს შეფასება". მონაცემთა ბაზა
- ↑ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. "ქვეყნის მსოფლიოში ექსპორტის მოცულობა". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2015-03-19.
- ↑ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. "გვატემალის ექსპორტის პარტნიორები". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2015-03-19.
- ↑ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. "მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები" 2014 წლის ოქტომბერი.
|