შინაარსზე გადასვლა

ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩელსი
Chelsea
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ჩელსი
მეტსახელი „პენსიონერები“, „ლურჯები“
დაარსდა 10 მარტი, 1905[1]
სტადიონი სტემფორდ ბრიჯი
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 41,841 მაყურებელი[2])
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა ტოდ ბოელი
მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო
ლიგა პრემიერლიგა
2022-23 მე-12 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ (ინგლ. Chelsea Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში, ინგლისში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. გუნდის განკარგულებაშია 41,837 ადგილიანი სტადიონი „სტემფორდ ბრიჯი“. „ჩელსი“ ინგლისის ოთხგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს ასოციაციის თასი 7-ჯერ, ლიგის თასი 4-ჯერ; ასევე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ (2011-12, 2020-21), უეფა-ს ევროპა ლიგა 2-ჯერ (2012-2013, 2018-2019) და თასების მფლობელთა თასი 2-ჯერ (1970-71, 1997-98). „ჩელსი“ ერთადერთი ლონდონური კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.[3][4]

დაარსების დღიდან „ჩელსი“ თამაშობს „სტემფორდ ბრიჯზე“, რომელიც მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა, კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს „ჩელსი“ იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა.

„ჩელსის“ ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და შორტები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში.[5] ინგლისურ ფეხბურთში, „ჩელსის“ ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი აქვს.[6]

დაარსება და პირველი ნაბიჯები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წელს ჰენრი ავგუსტუს „გას“ მირსმა, ბიზნესმენმა და საფეხბურთო ენთუზიასტმა ძმასთან, ჯოზეფ მირსთან ერთად, დასავლეთ ლონდონში, კერძოდ ფულემში, საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად შეიძინა სტემფორდ-ბრიჯის ათლეტიკური სტადიონი. თავდაპირველად მირსებმა საშინაო თამაშების ჩატარება საფეხბურთო კლუბ „ფულემს“ შესთავაზეს, თუმცა კლუბის წარმომადგენლებთან იჯარის პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მირსები მოგვიანებით განიხილავდნენ სტადიონის მიყიდვის იდეას სარკინიგზო კომპანიისათვის, რომელსაც ქვანახშირის განთავსებისათვის ადგილი ესაჭიროებოდა. საბოლოოდ, ბიზნესმენისა და საფეხბურთო კლუბის პროექტით დაინტერესებული ფრედ პარკერის რჩევით, ძმებმა საკუთარი საფეხბურთო კლუბის დაარსება გადაწყვიტეს.

„ჩელსი“ დაარსდა 1905 წლის 14 მარტს პაბში „The Rising Sun“, დღევანდელი ფულემ-როუდის შესასვლელის პირდაპირ. დაარსებიდან მცირე ხანში გუნდი საფეხბურთი ლიგის წევრი გახდა. კლუბის ადრეული წლები ნაკლებად წარმატებული გამოდგა. ყველაზე ახლოს „ჩელსი“ ტიტულთან 1915 წელს იყო, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში „შეფილდ იუნაიტედთან“ დამარცხდა. კლუბს ჰქონდა რეპუტაცია გუნდისა, რომელიც ცნობილ, ვარსკვლავ ფეხბურთელებს იძენდა და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა. მიუხედავად ამისა, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მისი როლი ინგლისურ ფეხბურთში მცირე იყო.

პირველი მსოფლიო ომიდან საუკუნის შუაწლებამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პირველივე წელს, 1919-20 წლების სეზონში „ჩელსი“ მესამე ადგილზე გავიდა; ასევე, ასოციაციის თასის ნახევარფინალში გააღწია, სადაც „ასტონ ვილასთან“ დამარცხდა. 1923-24 წლების სეზონის შემდეგ „ჩელსი“ მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კლუბი უმაღლეს ლიგას 1929-30 წლების სეზონში დაუბრუნდა, საიდანაც მომდევნო 32 წლის მანძილზე აღარ გავარდნილა. ამ პერიოდში, ყველაზე ახლოს ტიტულის მოგებასთან ჩელსი 1932 წელს იყო: ასოციაციის თასზე კლუბმა წარმატებით დაძლია „ლივერპულისა“ და „შეფილდ უენსდის“ დაბრკოლებები და ნახევარფინალში დაძაბულ დუელში დამარცხდა „ნიუკასლთან“, მომავალ გამარჯვებულთან. შემდგომ წლებში, „ჩელსი“ პირველ დივიზიონში დარჩენისათვის იბრძოდა. 1932-33 და 1933-34 წლებში 2 ქულით, ხოლო 1938-39 სეზონში 1 ქულის სიახლოვეს ასრულებდა სეზონს გასავარდნი ზონიდან. თანდათანობით იზრდებოდა მაყურებელთა დასწრების მაჩვენებელი სტადიონზე. 1935 წლის 12 ოქტომბერს, ლონდონურ დერბის „არსენალის“ წინააღმდეგ დაესწრო 82 905 მაყურებელი.

1945 წლის ოქტომბერში, ახლად დასრულებული მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის ფეხბურთის მესვეურებმა კეთილი ჟესტის გამოსახატად მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მოსკოვის „დინამო“ ბრიტანულ ტურნეში, სადაც მათ შეხვედრები უნდა გაემართათ რამდენიმე ინგლისურ კლუბთან, მათ შორის „ჩელსისთან“. დაგეგმილი შეხვედრა 1945 წლის 13 ნოემბერს გაიმართა სტემფორდ ბრიჯზე. შეხვედრა, სადაც მასპინძლები 2-0 იგებდნენ, 3-3 დასრულდა. მატჩს დაახლოებით 100 000 მაყურებელი დაესწრო, ეს ითვლება სტემფორდ ბრიჯის აბსოლუტურ რეკორდულ დასწრებად.

1952 წელს „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ცენტრ-ფორვარდი ტედ დრეიკი დაინიშნა. დრეიკმა კლუბის მოდერნიზება განახორციელა. მან შეცვალა კლუბის ემბლემა ახალი ლოგოთი, დანერგა ვარჯიშის ახალი სისტემები, გააუმჯობესა „ჩელსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში არსებული მდგომარეობა. შედეგად გუნდმა შეძლო პირველი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1954-55 წლების სეზონში „ჩელსი“ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი. იმავე წელს ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ უეფამ ჩემპიონთა თასი დააარსა, მაგრამ საფეხბურთო ლიგის და საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან წინააღმდეგობის გამო „ჩელსიმ“ უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე. 1960-იან წლებში ტომი დოჰერტის თავკაცობით „ჩელსის“ ახალგაზრდა კოლექტივი რამდენიმეჯერ ახლოს იყო ტიტულის მოპოვებასთან სხვადასხვა ტურნირებში. 1964-65 წლების სეზონში გუნდი სამ ფრონტზე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. საბოოლოო ჯამში ჩელსიმ მხოლოდ ლიგის თასის მოგება მოახერხა, ასოციაციის თასზე და ჩემპიონატში დათმო ბრძოლები. 1970 წელს „ჩელსი“ ასოციაციის თასს დაეუფლა, დაამარცხა რა ფინალში „ლიდზ იუნაიტედი“ 2-1. მომდევნო წელს გუნდმა ისტორიაში პირველად შეძლო ევროტურნირის მოგება. 1970-71 წლების სეზონში „ჩელსიმ“ თასების მფლობელთა თასი ფინალში „რეალ მადრიდი“დაამარცხა ათენში. გვიანი 70-იანი წლები და 80-იანების დასაწყისი „ჩელსის“ ისტორიაში მეტისმეტად ტურბულენტური აღმოჩნდა. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტემფორდ ბრიჯის რეკონსტრუქციის ამბიციური გეგმის განხორციელებამ კლუბის ფინანსური სტაბილურობა შეარყია. ხელმძღვანელობას წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუხდა და შედეგად კლუბი უძლიერესთა რიგებიდან გავარდა. გუნდს დეკადის მანძილზე გულშემატკივართა ხულიგნური ქცევების გადაუჭრელი პრობლემაც ჰქონდა. 1982 წელს „ჩელსის“ კრიზისმა პიკს მიაღწია. კლუბი ნომინალურ თანხად £1 კენ ბეითსმა შეიძინა. ამასთან სტემფორდ ბრიჯის ფრიჰოლდი უძრავი ქონების დეველოპერებზე გასხვისდა. შედეგები უარესდებოდა. 1983 წელს „ჩელსი“ გადარჩა მესამე დივიზიონში გავარდნას. 1983-84 სეზონში კლუბმა მოახერხა მეორე დივიზიონის მოგება და უძლიერესთან რიგებში აღზევდა, თუმცა მცირე ხნით. 1988 წელს გუნდი კიდევ ერთხელ დაქვეითდა. ამჯერად მხოლოდ ერთი სეზონით.

2008 წელს „ჩელსიმ“ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში

დიდი ბრძოლის შემდეგ, 1992 წელს, ბეითსმა, მას შემდეგ, რაც დეველოპერები გაკოტრდნენ, ფრიჰოლდის კლუბთან გაერთიანება მოახერხა. პრემიერლიგის პირველ სეზონებში ჩელსის გამოსვლა არადამაჯერებელი იყო. მიუხედავად ამისა 1994 წელს გუნდმა ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში. „ჩელსის“ ისტორიაში ახალი ეპოქა 1996 წელს დადგა, როდესაც მოთამაშე მწვრთნელად რუდ გულიტი დაინიშნა. გუნდში რამდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჩაირიცხა. შედეგად ჩელსიმ 1997 წელს ასოციაციის თასის მოგება მოახერხა და გუნდმა ინგლისის წამყვან კლუბებში დაიბრუნა ადგილი. გულიტი ჯანლუკა ვიალიმ შეცვალა, რომელმაც „ჩელსის“ 1998 წელს თასების მფლობელთა თასი მოაპოვებინა. ამას გარდა იტალიელის მეთაურობით გუნდმა ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და 2000 წელს ასოციაციის თასი მოიგო. ვიალი მცირე ხანში დათხოვნილ იქნა და მის ადგილას ასევე იტალიელი კლუდიო რანიერი დაინიშნა, რომლის აქტივშიც 2002 წლის ასოციაციის თასის ფინალი და 2002-03 სეზონში გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა გახდა.

2012 წელს ჩელსიმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა

2003 წლის ივნისში „ჩელსი“ რუსმა მილიარდერმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა იყიდა £140 მილიონად. ეს იყო იმ დროისათვის ინგლისურ ფეხბურთში უდიდესი გარიგება. £100 მილიონზე მეტი დახარჯა ახალმა მფლობელმა პირველივე სეზონში ტრანსფერებში, თუმცა რანიერი უძლური აღმოჩნდა ტიტულის მოპოვებაში და იტალიელი 2004 წელს პერსპექტიული ჟოზე მოურინიოთი ჩაანაცვლეს. პორტუგალიელის მეცადინეობით „ჩელსი“ გახდა მეხუთე ინგლისური კლუბი, რომელმაც ზედიზედ შეძლო პრემიერლიგის მოგება 2004-05 და 2005-06 სეზონებში. გარდა ამისა მოურინიომ გუნდს მოაგებინა ასოციაციის თასი 2007 წელს და ლიგის თასები 2005 და 2007 წლებში. მოურინიომ „ჩელსი“ პრემიერლიგის ერთ-ერთ დომინანტ კლუბად აქცია. 2007 წლის სექტემბერში მაურინიოს ადგილას აბრამოვიჩმა ავრაამ გრანტი დანიშნა, რომელმაც „ჩელსის“ ისტორიაში პირველად გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა შეძლო. შეხვედრა გუნდმა პენალტების სერიაში დათმო „მანჩესტერ იუნაიტედთან“. 2008 წლის ზაფხულში „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარი იქნა მიწვეული. სკოლარიმ მხოლოდ 7 თვე გაატარა ლონდონში და მიუღებელი შედეგებისათვის გაათავისუფლეს. აბრამოვიჩმა დროებით გუნდი რუსეთის ნაკრების მოქმედ მწვრთნელს, გუს ჰიდინკს ჩააბარა. 2008-09 წლების სეზონში „ჩელსიმ“ დრამატულად დათმო ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“, მოიგო ასოციაციის თასი. ფინალში, „ევერტონის“ 2-1 დამარცხებიდან ორ დღეში „ჩელსიმ“ მთავარ მწვრთნელად „მილანის“ ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი დანიშნა. პირველივე სეზონში იტალიელმა მწვრთნელმა გუნდს პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა. 1963 წლის შემდეგ „ჩელსი“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 100 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში. 2011 წლის 22 მაისს ჩელსიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნის და უტიტულო სეზონის შემდეგ კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. იტალიელის ნაცვლად აბრამოვიჩმა ახალგაზრდა პორტუგალიელი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში დანიშნა. არასახარბიელო რეზულტატის ჩვენების გამო პორტუგალიელ მწვრთნელსაც მოუწია თანამდებობის დატოვება. იგი დროებით ჩაანაცვლა აპენინელმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ, რომლის ხელმძღვანელობაც კლუბისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა. კლუბმა მისი თავკაცობით მოიგო ასოციაციის თასი და გახდა 2011-2012 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2012-2013 წლების სეზონში, პრემიერლიგაში არადამაჯერებელი სტარტის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ვერგადალახვის გამო რობერტო დი მატეო კლუბის ხელმძღვანელობამ დაითხოვა. მის მაგივრად კლუბის მწვრთნელის პოსტი დროებით დაიკავა ესპანელმა დამრიგებელმა რაფაელ ბენიტესმა, რომელმაც კლუბს მოაგებინა 2012-2013 წლების სეზონის ევროპა ლიგის თასი. 2013 წლის ზაფხულში „ჩელსიში“ სამუშაოდ დაბრუნდა ჟოზე მოურინიო. 2013-14 წლების სეზონი კლუბისთვის მეტნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა; ჩელსი სეზონის ბოლომდე ინარჩუნებდა პრემიერლიგის მოგების შანსს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალამდე მიაღწია.

„ჩელსი“ საშინაო მატჩებს ატარებს „სტემფორდ ბრიჯზე“, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1877 წლის 28 აპრილს. თავდაპირველად 28 წლის მანძილზე „სტემფორდ ბრიჯზე“ საფეხბურთო მატჩების გარდა ეწყობოდა შეჯიბრებები მსუბუქ ათლეტიზმში ლონდონის სპორტული კლუბის მიერ. 1904 წელს „სტემფორდ ბრიჯი“ ბიზნესმენმა ძმებმა გას და ჯოზეფ მირსებმა შეიძინეს და ლონდონის საფეხბურთო კლუბს „ფულემს“ თამაშების გამართვა შესთავაზეს. ფულემისგან ძმებმა უარი მიიღეს რის შემდეგაც გადაწყვიტეს საკუთარი კლუბი დაეარსებინათ.[7] ვინაიდან არენა მდებარეობდა ფულემის რაიონში და ამ სახელწოდების კლუბი უკვე არსებობდა, მირსებმა ახლად დაარსებულ კლუბს მეზობელი რაიონის სახელი „ჩელსი“ შეურჩიეს. სტადიონი დააპროექტა არქიტექტორმა არჩიბალდ ლეიტჩმა.[8] ისტორიის მანძილზე არენამ რამდენიმე რეკონსტრუქცია განიცადა. თავდაპირველად ტევადობა 100 000 მაყურებელს შეადგენდა.[7] მნიშვნელოვანი იყო 1930-იან წლებში სამხრეთ ნაწილში ეგრეთ წოდებული „შედ ენდის“ (Shed End) აშენება, რომელიც განკუთვნილი იყო განსაკუთრებით ერთგული და აქტიური გულშემატკივრებისთვის.[7] 1970-იან წლებში ხელმძღვანელობამ სტადიონის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღო, ტევადობის 50 000-მდე შემცირება დაიგეგმა.[7] პროექტი საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული რისი უზრუნველყოფაც ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო და „ჩელსიმ“ ვალების დასაფარად სტადიონის ტერიტორია დეველოპერულ კომპანიას დაუთმო. მხოლოდ 1992 წელს კენ ბეიტსმა შეძლო უკან გამოესყიდა „სტემფორდ ბრიჯი“.[7] დღევანდელი მდგომარეობით სტადიონის ტევადობა 41,837 მაყურებელს შეადგენს.

„სტემფორდ ბრიჯის“ ოვალური ფორმა მართკუთხა კონფიგურაციით შეიცვალა, ტრიბუნები მაქსიმალურად ახლოს არის მოედანთან. სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს სპორტულ-გასართობი კომპლექსი „ჩელსი ვილიჯი“. იგი მოიცავს ორ ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, ხუთ რესტორანს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, ღამის კლუბს, გასართობ ცენტრებს, სპორტულ კლუბს, მიწისქვეშა ავტოპარკინგს. უკანასკნელ წლებში კლუბი აქტიურად განიხილავს სტადიონის გაფართოების გეგმებს, რაც ლონდონის ცენტრის მჭიდროდ განაშენიანების და „სტემფორდ ბრიჯის“ სიახლოვეს ორი სარკინიგზო ხაზის არსებობის გამო საკმაოდ არის შეზღუდული. ჩელსის სავარჯიშო ბაზა მდებარეობს კობემში, სიურეის საგრაფოში. ბაზის მთლიანი რეკონსტრუქცია 2007 წელს განხორციელდა.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი რობერტ სანჩეზი
2 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ალექს დისასი
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი მარკ კუკურელია
5 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ბენოიტ ბადიაშილე
6 მცველი ბრაზილია ბრაზილია ტიაგო სილვა
7 შემტევი ინგლისი ინგლისი რაჰიმ სტერლინგი
8 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ენცო ფერნანდესი
10 შემტევი უკრაინა უკრაინა მიხაილო მუდრიკი
11 შემტევი ინგლისი ინგლისი ნონი მადუეკე
13 მეკარე ინგლისი ინგლისი მარკუს ბეტინელი
14 მცველი ინგლისი ინგლისი ტრევოჰ ჩალობა
15 შემტევი სენეგალი სენეგალი ნიკოლას ჯექსონი
16 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ლესლი უგოჩუკვუ
17 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი კარნი ჩუკვემენკა
18 შემტევი საფრანგეთი საფრანგეთი კრისტოფერ ნკუნკუ
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
19 შემტევი ალბანეთი ალბანეთი არმანდო ბროხა
20 შემტევი ინგლისი ინგლისი კოლ პალმერი
21 მცველი ინგლისი ინგლისი ბენ ჩილველი (ვიცე-კაპიტანი)
23 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი კონორ გალეგერი
24 მცველი ინგლისი ინგლისი რის ჯეიმსი (კაპიტანი)
25 ნახევარმცველი ეკვადორი ეკვადორი მოისეს კაისედო
26 მცველი ინგლისი ინგლისი ლევი კოლვილი
27 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი მალო გუსტო
28 მეკარე სერბეთი სერბეთი ჯორჯე პეტროვიჩი
29 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები იან მატსენი
33 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ვესლი ფოფანა
36 შემტევი ბრაზილია ბრაზილია დეივიდ ვაშინგტონი
45 ნახევარმცველი ბელგია ბელგია რომეო ლავია
47 მეკარე ფინეთი ფინეთი ლუკას ბერგსტორმი
- მცველი საფრანგეთი საფრანგეთი მალანგ სარი

გამორჩეული ფეხბურთელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფრენკ ლემპარდი

მთავარი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქვემოთ ჩამოთვლილმა მთავარმა მწვრთნელებმა მოიგეს ერთი ტურნირი მაინც „ჩელსისთან“ ერთად.
მთავარი მწვრთნელები
პერიოდი მწვრთნელი მიღწევა
2021— 2022 გერმანიის დროშა თომას ტუხელი ჩემპიონთ ლიგა, უეფა-ს სუპერთასი
2018—2019 იტალიის დროშა მაურიციო სარი ევროპა ლიგა
2016—2018 იტალიის დროშა ანტონიო კონტე ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის ასოციაციის თასი
2012—2013 ესპანეთის დროშა რაფაელ ბენიტესი ევროპა ლიგა
2012 იტალიის დროშა რობერტო დი მატეო ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი
2009-2011 იტალიის დროშა კარლო ანჩელოტი ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ქომუნითი შილდი
2009, 2015–2016 ნიდერლანდების დროშა გუს ჰიდინკი ინგლისის ასოციაციის თასი
2004—2007, 2013-2015 პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო 3 ინგლისის პრემიერ ლიგა, 3 ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის ასოციაციის თასი, ქომუნითი შილდი
1998—2000 იტალიის დროშა ჯანლუკა ვიალი ინგლისის ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ჩარიტი შილდი, უეფას თასების მფლობელთა თასი, უეფა-ს სუპერთასი
1996—1998 ნიდერლანდების დროშა რუდ გულიტი ინგლისის ასოციაციის თასი
1988–1991 ინგლისის დროშა ბობი კემპბელი მეორე დივიზიონის ჩემპიონშიპი, მონაწილეების თასი
1985—1988 ინგლისის დროშა ჯონ ჰოლინსი მონაწილეების თასი
1981-1985 ინგლისის დროშა ჯონ ნილი მეორე დივიზიონის ჩემპიონშიპი
1967-1974 ინგლისის დროშა დეივ სექსტონი ინგლისის ასოციაციის თასი, უეფას თასების მფლობელთა თასი
1962-1967 შოტლანდიის დროშა ტომი დოჩერტი ლიგის თასი
1952-1961 ინგლისის დროშა ტედ დრეიკი პირველი დივიზიონის ჩემპიონშიპი, ჩერიტი შილდი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Team History – Introduction. Chelsea F.C. official website.
  2. Club Information.
  3. „Chelsea etch new name on trophy“. Union of European Football Associations. 19 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. „Chelsea win breaks London duck“. Union of European Football Associations. 20 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Chelsea centenary crest unveiled“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 12 ნოემბერი, 2004. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. All Time League Attendance Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 2 July 2012.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Stadium History – Introduction. Chelsea F.C. official website.
  8. Glanvill (2006). Chelsea FC: The Official Biography, გვ. 69–71. 
  翻译: