შინაარსზე გადასვლა

უკრაინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკრაინა
უკრ. Україна
უკრაინა
უკრაინის
დროშა გერბი
ჰიმნი: Ще не вмерла України ні слава, ні воля
უკრაინის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კიევი
50°27′ ჩ. გ. 30°30′ ა. გ. / 50.450° ჩ. გ. 30.500° ა. გ. / 50.450; 30.500
ოფიციალური ენა უკრაინული
მთავრობა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
 -  პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი
 -  პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი
ფართობი
 -  სულ 603 628 კმ2 (44-ე)
 -  წყალი (%) 7
მოსახლეობა
 -  2023 შეფასებით 43 057 460 (35-ე)
 -  2001 აღწერა 48 457 102 
 -  სიმჭიდროვე 78 კაცი/კმ2 (115-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასებით
 -  სულ $390.340 მილიარდი (47-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $9,280 (111-ე)
აგი (2018) 0.751 (საშუალო) (88-ე)
ვალუტა გრივნა (UAH)
დროის სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი UKR
Internet TLD .ua
სატელეფონო კოდი 380

უკრაინა (უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603 700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.

შუა საუკუნეებში თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა კიევის რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა კაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთ ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა — 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე — სუბტროპიკული.

უკრაინა უნიტარული, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კიევი. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 45,4 მილიონს, მათ შორის 77,8 % უკრაინელია, 17,3 % კი - რუსი; ასევე ცხოვრობენ რუმინელები/მოლდოველები, ბელარუსები, ყირიმელი თათრები, უნგრელები. ოფიციალური ენა უკრაინულია, თუმცა რეგიონული მასშტაბით ასევე აღიარებულია 18 ენა. ყველაზე გავრცელებული რელიგია მართლმადიდებლობაა, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უკრაინულ არქიტექტურაზე, ლიტერატურასა და მუსიკაზე.

  • ოფიციალური — უკრაინა, ეროვნული — Україна.
  • ეტიმოლოგია: „უკრაინა“ სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, შეადარე რუსულს - „Окраина“. ამავე დროს სიტყვა „კრაინა“ უკრაინულში, ბელარუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს „ქვეყანას“.

ადამიანის პირველი ნასახლარები უკრაინის ტერიტორიაზე ძვ. წ. 4500 წლით თარიღდება, როცა ნეოლითის ხანაში აყვავდა ტრიპოლის კულტურა. უკრაინის ტერიტორიაზე ამ კულტურამ გავლენა იქონია ტრიპილიასა და დნესტრ-დნეპრის რეგიონში. რკინის ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო კიმერიელებით, სკვითებითა და სარმატებით. ძვ. წ. 700-200 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა სკვითების სამეფო. მოგვიანებით კი, ჯერ ჩნდება ბერძნული კოლონიები, ძირითადად, შავი ზღვის სანაპიროზე: ოლბია, ტირასი, ქერსონესი, შემდეგ კი რომის იმპერიის პროვინციაა. მას შემდეგ, რაც ჰუნებს ეპყრათ ეს ტერიტორია, იგი ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. ახ. წ. VII საუკუნეში კი ჯერ დიდი ბულგარეთის, შემდეგ ხაზართა სახაკანოს მფლობელობაში იყო, იქამდე, სანამ პირველი სლავური სახელმწიფო, კიევის რუსეთი, არ ჩამოყალიბდა.

კიევის რუსეთი XI საუკუნეში

IX საუკუნეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი დასახლებული იყო რუსი ხალხით. მათ შექმნეს კიევის რუსეთის სახელმწიფო, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გარდა აერთიანებდა დღევანდელ ბელარუსსა და რუსეთის ევროპულ ნაწილს. X-XI საუკუნეებში კიევის რუსეთი გადაიქცა ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ, ხოლო მისი დედაქალაქი, კიევი, რუსების უმნიშვნელოვანეს ქალაქად. შემდგომ საუკუნეებში კი დაიწყო რუსული და უკრაინული თვითშეგნების ჩამოყალიბება. პირვანდელი ქრონიკების მიხედვით, კიევის რუსეთის დიდგვაროვნებმა სკანდინავიიდან მოიწვიეს ვარიაგები, რომლებმაც სათავე დაუდეს კიევის რუსეთის პირველ სამეფო საგვარეულოს - რიურიკების დინასტიას. კიევის რუსეთი შედგებოდა რამდენიმე სამთავროსგან, რომლეთაც აერთიანებდა კიევის მთავარი.

ვლადიმირ დიდის (980–1015) ზეობის დროს დაიწყო კიევის სამთავროს ოქროს ხანა. ვლადიმირმა გააქრისტიანა რუსეთი (988) , მისმა შვილმა იაროსლავ ბრძენმა (1019–1054) კი ხელი შეუწყო კიევის რუსეთის კულტურულ და ეკონომიკურ აღმასვლას. ეს აღმასვლა კი დაბოლოვდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებითა და შემადგენელი სამთავროების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით. კიევის რუსეთი უკანასკნელ ძალებს იკრებს ვლადიმირ მონომახისა (1113–1125) და მისი შვილის მსტისლავის (1125–1132) დროს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა სხვადასხვა სლავურ სამთავროდ.

XI-XII საუკუნეებში, გახშირდა მუდმივი თავდასხმები მომთაბარე თურქული ტომების პაჭანიკებისა და ყივჩაღების მხრიდან. ამის გამო რუსები მისცვივდნენ შედარებით უსაფრთხო და ტყიან რეგიონს, ჩრდილოეთით. კიევის რუსეთი განსაკუთრებით დაზარალდა მონღოლთა შემოსევების დროს. 1240 წელს კიევი ააოხრეს მონღოლებმა. საბოლოოდ კიევის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა გალიჩისა და ვლადიმირ-ვოლინის სამთავროები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ გალიჩ-ვოლინის სამთავროდ.

1917 წელს შეიქმნა უკრაინის სსრ. 1917-1920 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, უკრაინის სახელმწიფო, რომლებთანაც უკრაინის სსრ-ს სამოქალაქო ომს აწარმოებდა. 1922 წლის დეკემბრიდან უკრაინის სსრ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1945 წლიდან უკრაინა გაეროს წევრია, ხოლო 1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ. 2004 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია, რაც ნარინჯისფერი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ. 2010 წლიდან 2014 წლამდე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო. ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ვოლოდიმირ ზელენსკი იკავებს.

2013 წლის ნოემბერში უკრაინის დედაქალაქში დაიწყო ევრომაიდანის მოვლენები, რომლის მიზეზიც იყო უკრაინის პრორუსული ხელისუფლების გადაწყვეტილება შეეჩერებინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დასრულდა ხელისუფლების ცვლილებით. 2014 წლის 23 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ალექსანდრე ტურჩინოვი. 27 თებერვალს ყოფილმა ოპოზიციამ ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობა არსენ იაცენიუკის ხელმძღვანელობით. ახალმა პრო-დასავლურმა ხელისუფლებამ აღადგინა ევროინტეგრაციის პროცესი. 21 მარტს იაცენიუკმა ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ, ხოლო 27 ივნისს ეკონომიკურ ნაწილს[1].

უკვე თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო აქციების სერიები რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები პრო-რუსული ლოზუნგებით გამოდიოდნენ[2].

მარტის შუა რიცხვებში ყირიმის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და ქალაქმა სევასტოპოლმა რუსეთის მხარდაჭერით, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გამართა რეფერენდუმი ყირიმის სტატუსის შესახებ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმმა უკრაინისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შემდეგ ეტაპზე ყირიმმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან მიერთების შესახებ ფედერაციის სუბიექტის სტატუსით.

2014 წლის აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში შეიქმნა დონეცკისა[3][4][5] და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. 15 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ სეპარატისტულ რეგიონებში საომარი მოქმედებები დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ[6].

25 მაისს უკრაინაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. პირველივე ტურში გაიმარჯვა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის ისტორიული რუკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უკრაინის ტოპოგრაფიული რუკა

უკრაინა თავისი 603 700 კმ²-ის ფართობით მსოფლიოში სიდიდით 46-ე სახელმწიფოა (სიდიდით მასზე წინაა სამხრეთი სუდანი, მის შემდეგ მოდის მადაგასკარი), ევროპაში კი ყველაზე დიდი მთლიანად ევროპული სახელმწიფო და მეორე კი — ევროპაში მოქცეული ფართობის მხრივ (მას უსწრებს რუსეთის ევროპული ნაწილი, უკრაინის შემდეგ მოდის საფრანგეთი). იგი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 44° და 53° გრადუსებს შორის, აღმოსავლეთ გრძედის 22° და 41° გრადუსებს შორის. ქვეყანას გააჩნია 2782 კმ-იანი სანაპირო ზოლი შავსა და აზოვის ზღვაზე გასასვლელით.

უკრაინის ლანდშაფტი ძირითადად შედგება ნაყოფიერი სტეპებითა და დაბლობებისაგან, რომლებსაც სერავს ისეთი წყალუხვი და დიდი მდინარეები, როგორიცაა დნეპრი, დნესტრი, სამხრეთი ბუგი. უკრაინის მდინარეების უმეტესობა ჩაედინება შავ და აზოვის ზღვაში. ქვეყანას სამხრეთ საზღვარს რუმინეთთან უდგენს მდინარე დუნაი. უკრაინის ძირითად მთიან ტერიტორიას შეადგენს კარპატები, რომელიც უკრაინის დასავლეთ ნაწილშია მოქცეული. მისი უდიდესი მწვერვალია მთა გოვერლა. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში – ყირიმის ნახევარკუნძულზე, სანაპირო ზოლის სიახლოვეს გადაჭიმულია ყირიმის მთიანეთი.[7] უკრაინაში კიდევ არის რამდენიმე მთიანი რეგიონი, როგორიცაა ვოლინ-პოდილიას ზეგანი (დასავლეთით) და დნეპრისპირეთის ზეგანი (მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე); აღმოსავლეთიდან ქვეყანაში შემოდის რუსეთის ცენტრალური ზეგანის სამხრეთ-დასავლეთი დეზები, რომლებიც მისდევს რუსეთის ფედერაციასთან საზღვარს. აზოვის ზღვასთან ახლოს მდებარეობს დონეცკის ქედი და აზოვსახლო ზეგანი. სიმაღლის ბუნებრივი უეცარი ცვლილებები ქმნის მრავალ შესაძლებლობას ჩანჩქერის წარმოსაქმნელად.

უკრაინაში ჭარბობს ზომიერი კონტინენტური ჰავა,თუმცა სამხრეთ სანაპიროებზე გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავაც.[8] ნალექები არათანაბრად ნაწილდება ხოლმე ქვეყანაში; ქვეყნის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი ჭარბი ნალექიანობით ხასიათდება, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილები კი ნაკლებ ნალექიანია. დასავლეთი უკრაინა იღებს დაახლოებით 1200 მმ ნალექს წლიურად, ხოლო ყირიმი — მხოლოდ 400 მმ-ს. ზამთრების სიმკაცრე იცვლება შავი ზღვისთვის დამახასიათებელი სიგრილიდან ცივ კონტინენტურ ზამთრამდე. საშუალო წლიური ტემპერატურა ჩრდილოეთში არის 5,5 °C, ხოლო სამხრეთში — 11–13 °C-ს.[9]

ბიომრავალფეროვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინას ახასიათებს ცხოველთა, სოკოთა, მიკროორგანიზმთა და მცენარეთა დიდი მრავალფეროვნება.

თეთრი წერო დუნაიზე

უკრაინა იყოფა ორ მთავარ ზოოლოგიურ არედ. პირველი მათგანი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ევროპის საზღვართან, სადაც ბინადრობენ შერეული ტყეებისათვის ტიპური სახეობები, ხოლო მეორე კი მოთავსებულია აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ძირითადად სტეპების ფაუნაა გავრცელებული. ქვეყნის ტყიან მასივებში არცთუ იშვიათად გვხვდება ფოცხვერი, მგელი, ტახი და კვერნა, ისევე როგორც ბევრი სხვა მსგავსი სახეობა; მტაცებელთა ფლორა განსაკუთრებით თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი კარპატების მთიანეთში, სადაც მურა დათვიცაა გავრცელებული. უკრაინის ტბებსა და მდინარეებში ბინადრობენ თახვი და წავი, ხოლო თევზებიდან — კობრი, ლოქო და სხვანი. ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობენ დიდი რაოდენობით მღრღნელები, მსგავსნი ზაზუნებისა და თაგვებისა.

უკრაინაში აღნუსხულია 6600-ზე მეტი სახეობა სოკოებისა (ლიქენების წარმომქმნელი სახეობების ჩათვლით),[10][11] მაგრამ ეს რაოდენობა სრული ვერ იქნება. ნამდვილი რაოდენობა სოკოების სახეობისა გაცილებით მეტია იმ შეფასების გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ყველა სოკოსაგან მხოლოდ 7 % არის დღეს აღმოჩენილი.[12] თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია გადასამოწმებელია, ჩატარებული იქნა პირველი მცდელობა უკრაინისათვის ენდემური სოკოების სახეობების დათვლისა და იდენტიფიცირებული იქნა 2217 ამგვარი სახეობა.[13]

სახელმწიფო და პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სახელმწიფო სისტემა — განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაურივოლოდიმირ ზელენსკი (2019 წლიდან).
  • მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი პარლამენტი - უმაღლესი რადა (450 დეპუტატი).

უკრაინა არის რესპუბლიკა, შერეული, ნახევრად საპრეზიდენტო და ნახავრად საპარლამენტო, მმართველობით, რომელშიც ძალაუფლება გადანაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ ხუთი წლის ვადით.

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა 459 ადგილიანი უკრაინის პარლამენტი-„ვერხოვნა რადა“ (Верховна Рада України). პარლამენტი პასუხისმგებელია მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მართავს პრემიერ-მინისტრი.

საპარლამენტო დადგენილებებსა და კანონებს ამტკიცებს პრეზიდენტი, ხოლო ყირიმის პარლამენტის (Верховна Рада Автономної Республіки Крим) დადგენილებები შეუძლია გააუქმოს უზენაესმა სასამართლომ, თუკი რომელიმე დადგენილება ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. უზენაესი სასამართლო არის მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო უკრაინაში. ადგილობრივი საკრებულოები და ქალაქის თავები აირჩევიან პირდეპირი არჩევნებით. ხოლო რწმუნებულებს რეგიონებში ნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინაში ძალზე დიდი რაოდენობა პოლიტიკური პარტიებია, რომელთა უმეტესობას აქვს მცირერიცხოვანი წარმომადგენლობა, ამიტომაც უცნობი არიან ფართო საზოგადოებისთვის. მათი უმეტესობა ალიანსში შედიან დიდ პარტიებთან და ქმნიან ბლოკს, რათა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში.

უკრაინელი სამშვიდობოები BTR-80-ით პატრულირებისას ერაყი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას მემკვიდრეობით დარჩა 780 000 ჯარისკაცი თავის ტერიტორიაზე. მის განკარგულებაში იყო მსოფლიოში სიდიდით მესამე ატომური იარაღის არსენალი. 1992 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა სტრატეგიული იარაღის შემცირების შეთანხმებას (START), რომლის ძალითაც სახელმწიფოს უნდა გაენადგურებინა ატომური იარაღი და გადაქცეულიყო ატომური იარაღის არმქონე სახელმწიფოდ. 1996 წელს კი უკრაინამ შეასრულა პირობა და მას ატომური აირაღი არ გააჩნია. დღესდღეობით სამხედროთა რაოდენობა სიდიდით მეორეა ევროპაში რუსეთის შემდეგ.

უკრაინამ გადადგა თანმიმდევრული ნაბიჯები შეიარაღების შესამცირებლად. მან მოაწერა ხელი შეთანხმებას, კონვენციური შეიარაღებული ძალები ევროპაში. შეთანხმების ძალით მან უნდა შეამციროს ტანკების, არტილერიის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და მეომართა რიცხვი (300 000-მდე). 2011 წლამდე მან ახალწვეულთა სამხედრო სამსახური მოხალისეთა სამხედრო სისტემაზე უნდა გადაიყვანოს.

უკრაინა იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. უკრაინული ჯარები განათავსეს კოსოვოში და პოლონურ ჯრებთან ერთად შეადგინეს უკრაინულ-პოლონური ბატალიონი, რომელიც კოსოვოში სამშვიდობო მისიას ასრულებდა. უკრაინელი სამშვიდობოები გაეროს მანდატით მონაწილეობდნენ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ლიბანში. ასევე სიერა-ლეონესა და ერაყში არის განლაგებული უკრაინის ჯარი. მსოფლიოში 562 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მას შეზღუდული სამხედრო პარტნიორობა აქვს რუსეთთან და დსთ-ის სხვა სახელმწიფოებთან. 1994 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა პარტნიორობა მშვიდობისთვის ხელშეკრულებას. 2002 წელს უკრაინასა და ნატოს შორის გაფორმდა ორმხრივი სამოქმედო გეგმა რათა რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ უკრაინას შეეძლოს ნატოში გაწევრიანება.

ტერიტორიული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 24 ოლქი, 1 ავტონომიური რესპუბლიკა (ყირიმი) და 2 ქალაქი (კიევი, სევასტოპოლი). კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით უკრაინას ოთხ რეგიონად ყოფენ: დნეპრისპირეთი (ცენტრი), დონბასი (აღმოსავლეთი), ნოვოროსია (შავიზღვისპირეთი და ყირიმი) და გალიცია (დასავლეთი).


უკრაინის ქალაქები მოსახლეობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქები ოლქი მოსახლეობა ქალაქები ოლქი მოსახლეობა
1 კიევი კიევი 2 611 327 11 ლუჰანსკი ლუჰანსკი 463 097
2 ხარკივი ხარკივი 1 470 902 12 მაკიივკა დონეცკი 389 589
3 დნიპრო დნიპროპეტროვსკი 1 065 008 13 სიმფეროპოლი ყირიმი 358 108
4 ოდესა ოდესა 1 029 049 14 ვინიცია ვინიცია 356 665
5 დონეცკი დონეცკი 1 016 194 15 სევასტოპოლი სევასტოპოლი 342 451
6 ზაპორიჟია ზაპორიჟია 815 256 16 ხერსონი ხერსონი 328 360
7 ლვივი ლვივი 732 818 17 პოლტავა პოლტავა 317 998
8 კრივი-რიჰი დნიპროპეტროვსკი 668 980 18 ჩერნიჰივი ჩერნიჰივი 304 994
9 მიკოლაივი მიკოლაივი 514 136 19 ჩერკასი ჩერკასი 295 414
10 მარიუპოლი დონეცკი 492 176 20 სუმი სუმი 293 141
2001 წლის მონაცემები

საბჭოთა ეპოქის განვითარებული სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის რესპუბლიკა ამჟამად ენერგომატარებლებზე მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. უკრაინის დღევანდელი ეკონომიკისთვის დამახასიათებელია გარდამავალი ეტაპის სირთულეები. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - რკინის მადანი, ქვანახშირი, მანგანუმი, ბუნებრივი აირი, ნავთობი, მარილი, გოგირდი, გრაფიტი, ტიტანი, მაგნეზიუმი, ნიკელი, ვერცხლისწყალი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ექსპორტში დიდი წილი აქვს ლითონებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას, კვების პროდუქტებს. ვალუტა - ჰრივნა (UAH).

ტრადიციული უკრაინული პისანკუს კოლექცია

უკრაინაში დომინანტური რელიგია არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა უკრაინული ადათ-წესების ჩამოყალიბებაზე. ქალის როლი უფრო ტრადიციებს ემორჩილება და ბავშვების აღრდაში ბაბუები უფრო მეტ და მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ ვიდრე ეს დასავლეთშია მიღებული. უკრაინულ მუსიკაზე, არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე განმსაზღვრელი აღმოჩნდა უკრაინის მეზობლების კულტურა.

არასახარბიელოდ იმოქმედა კომუნისტურმა ეპოქამ უკრაინის კულტურაზე. 1932 წელს სტალინმა სოციალისტური რეალიზმი გამოაცხადა სახელმწიფო პოლიტიკად საბჭოთა კავშირში. ამან შემოქმედებითად გააღარიბა უკრაინელი ხელოვანები. 1980-იან წლებში საბჭოეთში გამოცხადებულმა გარდაქმნამ მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მისცა მათ.

წმინდა მიხეილის ტაძარი კიევში

უძველესი ტრადიციაა უკრაინაში სააღდგომო კვერცხების შეღებვა, რომელთაც უკრაინაში პისანკუს უწოდებენ. კვერცხების გარეკანზე იდება ცვილის ნიმუშის მისაღებად. ამის შემდეგ კვერცხი იღებება სასურველი ფერით. ცვილის ტარგის მოძრობის შემდეგ, სააღდგომო კვერცხზე სასურველი ფორმის გამოსახულებას იღებენ. ამ ტრადიციას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს უკრაინის გაქრისტიანებიდან იღებს. ქალაქ კოლომიაში 2000 წელს დაარსდა პისანკას მუზეუმი, რომელიც 2007 წელს უკრაინის შვიდი საოცრების სიაში შეიტანეს.

ტრადიციული უკრაინული საკვები არის: წიწილა, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი და სოკო. ასევე, უკრაინელების საკვები რაციონის დიდ ნაწილს შეადგენს პომიდორი, მარცვლეული, ცოცხალი და დამწნილებული ბოსტნეული. ტრადიციული კერძებია: ვარენიკი (მოხარშული ცომის ნაჭრებში გახვეული პომიდორი, სოკო, ყველი ან ალუბალი), ბორში (სოკოს, კომბოსტოს, ჭარხლის, ან ხორცის წვნიანი), გოლაბსკი (კომბოსტოს ფოთოლში გახვეული ბრინჯი, ხორცი და სტაფილო). გავრცელებულია კიევური წიწილა და კიევური კექსი. უკრაინელები სვამენ ხილის წვენს, რძეს, კეფირს, მინერალურ წყლებს, ჩაისა და ყავას, ლუდს, ღვინოსა და უკრაინულ არაყს - გორილკას.

  • არქიტექტურა: კიევის წმინდა სოფიას ტაძარი, ლვივის ისტორიული ცენტრი.
  1. „Украина и ЕС подписали экономическую часть соглашения об ассоциации“ (რუსული). Москва: Интерфакс. 2014-06-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-27. ციტირების თარიღი: 2014-06-27.
  2. Скворцов С. (2014-03-03). „„Русская весна“ на Юго-Востоке Украины“. // РИА Новости—Украина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-08. ციტირების თარიღი: 2014-03-09.
  3. Декларация о суверенитете Донецкой Народной Республики от 07 апреля 2014 года. Конституции стран мира (2014-04-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-15. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  4. Текст „Декларации о суверенитете Донецкой Народной Республики“ и „Обращения Донецкой Народной Республики к Владимиру Путину“.
  5. В Донецке объявлено о создании народной республики. Росбалт (2014-04-07).
  6. ИТАР-ТАСС: Международная панорама — Турчинов объявил о начале „широкомасштабной антитеррористической операции“
  7. Ukraine – Relief. Encyclopædia Britannica (fee required). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 27 December 2007.
  8. Kottek, M.; Grieser, J.; Beck, C.; Rudolf, B.; Rubel, F. (2006). „World Map of the Köppen-Geiger climate classification updated“ (PDF). Meteorol. Z. 15 (3): 259–263. doi:10.1127/0941-2948/2006/0130. ISSN 0941-2948. ციტირების თარიღი: 15 February 2007.
  9. Ukraine – Climate. Encyclopædia Britannica (fee required). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 27 December 2007.
  10. D.W. Minter and Dudka, I.O. "Fungi of Ukraine – a preliminary checklist". CAB International, 1996
  11. Cybertruffle's Robigalia – Observations of fungi and their associated organisms. cybertruffle.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 13 July 2011.
  12. Kirk, P.M., Cannon, P.F., Minter, D.W. and Stalpers, J. "Dictionary of the Fungi". Edn 10. CABI, 2008
  13. Fungi of Ukraine – potential endemics. cybertruffle.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 13 July 2011.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  翻译: